აჭარის უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატის - სულხან თამაზაშვილისა და მის მიერ დასახელებული მინისტრობის კანდიდატების დამტკიცების საკომიტეტო მოსმენები დასრულდა.
სულხან თამაზაშვილმა და მინისტრთა კაბინეტის უცვლელმა შემადგენლობამ, კანონმდებლებს სამთავრობო პროგრამა, სამოქმედო გეგმა და ხედვები გააცნეს. დღესვე აჭარის უმაღლეს საბჭოში გაიმართება ბიუროს სხდომა.
"გაიმართა კომიტეტების სხდომები, შესაბამისად, ველოდებით კომიტეტების დასკვნებს და ძალიან მალე გვექნება ბიუროს სხდომა, რომელზეც ვიმსჯელებთ უკვე საკითხის პლენარული სხდომისათვის გადაცემის შესახებ. დღის ბოლოსთვის გამოიცემა განკარგულება უმაღლეს საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ და უკვე ხვალ, დილისთვის გავა საკითხი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ," - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე.