ისრაელმა აღიარა, რომ 23 მარტს ღაზაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 15 თანამშრომლის მკვლელობა სამხედროების შეცდომა იყო, – ამის შესახებ BBC წერს.
ისრაელელმა სამხედროებმა პალესტინის "წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების" სასწრაფო დახმარების მანქანების კოლონას, გაერო-ს მანქანას, ასევე სახანძრო ავტომობილს ცეცხლი რაფაჰთან გაუხსნეს.
მაშინ ისრაელი ამტკიცებდა, რომ კოლონა საეჭვოდ მიუახლოვდა მათ, რადგან არ ჰქონდათ ფარები ანთებული. ასევე, ისრაელში აღნიშნავდნენ, რომ ისინი არ იყვნენ გაფრთხილებული მანქანების გადაადგილების შესახებ. თუმცა, მოგვიანებით გავრცელდა სამედიცინო პერსონალის მიერ გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მანქანებს ფარები ანთებული ჰქონდათ. ცეცხლი ღაზის სექტორში მიმავალ სამედიცინო, სახანძრო და გაეროს მანქანებს რაფაჰის მახლობლად გაუხსნეს, რასაც 15 მედპერსონალი ემსხვერპლა.