"ნებისმიერი მცდელობა, გააშავონ ცესკოს გადაწყვეტილება ან შეუცვალონ მას სამართლებრივი რეალური შინაარსი, არის უსუსური", - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ცესკომ ყველა შემთხვევაში დაამტკიცა მისი სიმართლე.
"ცესკო არის ვალდებული სწორად მართოს პროცესები. როდესაც ემპირიული გამოცდილებით ის აღმოაჩენს, რომ არის გარკვეული პრობლემატიკა არჩევნების მიმართ, არჩევნების დღეს, ბუნებრივია, მისი პირდაპირი მოვალეობაა, ეს პრობლემატიკა გამოსწორდეს და გამოწვევა იყოს დაძლეული. ნებისმიერი მცდელობა, გააშავონ ცესკოს გადაწყვეტილება ან შეუცვალონ მას მისი სამართლებრივი რეალური შინაარსი, არის უსუსური, რადგან ყველა წინა ჯერზე დამტკიცდა, რომ ცესკო იყო აბსოლუტურად მართალი", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, კოალიცია "ძლიერმა საქართველომ" ცესკოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საუბარია საარჩევნო ადმინისტრაციის ახალ დადგენილებაზე, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის შეზღუდვებს აწესებს. სიახლის მიხედვით, დამკვირვებლები ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვერ შეძლებენ. "ძლიერი საქართველო" კი ამტკიცებს, რომ დადგენილება საარჩევნო კოდექსს ეწინააღმდეგება და მის გაუქმებას ითხოვს.