26 აგვისტო 2026,   10:29
ვრცლად
გატაცება, ფიზიკური ანგარიშსწორება და საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტები - საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს კახა დაბრუნდაშვილსა და რამაზ ახვლედიანს მოუსმინეს

კახა დაბრუნდაშვილი 2005 წლის სექტემბრის იმ დილას იხსენებს, როცა მის საცხოვრებელ სახლთან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები დათა ახალაიას დავალებით მივიდნენ და მის მეგობარ ვამეხ აბულაშვილთან ერთად გაიტაცეს. ამბობს, რომ ოპერაციას ოლეგ მელნიკოვი და გერონტი ალანია ხელმძღვანელობდნენ. მისივე თქმით, სწორედ მათი დავალებით წაიყვანეს მეგობრები ოქროყანის სასაფლაოზე, სადაც ფიზიკურად რამდენიმე საათის განმავლობაში უსწორდებოდნენ. დაბრუნდაშვილის ინფორმაციით, პროცესს დათა ახალაია პირადად, ადგილზე აკვირდებოდა.

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაზარალებულმა იმ მიზეზზეც ისაუბრა, რის გამოც მას და ვამეხ აბულაშვილს სასტიკად გაუსწორდნენ.

კიდევ ერთმა პირმა კი, რომელსაც დღეს დეპუტატებმა მოუსმინეს, ბაჩო ახალაიას შესახებ ისაუბრა. მსჯავრდადებულმა კახა მაღლაკელიძემ, რომელიც სასჯელს ამ დრომდე იხდის, გაიხსენა ბაჩო ახალაიასთან შეხვედრის ეპიზოდი და თქვა, რომ ყოფილმა მაღალჩინოსანმა ციხეში სასტიკად სცემა.

არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გარდა, დროებით საგამოძიებო კომისიაზე დღეს საკუთრების უფლების დარღვევის შესახებაც მიიღეს ინფორმაცია. რამაზ ახვლედიანი წინა ხელისუფლებას მისი ყოფილი პარტნიორის - მამუკა ხაზარაძის მონაწილეობით ლისის ტბის ჩამორთმევაში სდებს ბრალს. ახვლედიანმა დეტალურად გაიხსენა, როგორ ძალადობდნენ მასზე ფსიქოლოგიურად დავით კეზერაშვილის დავალებით. თქვა ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილმა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ჰოლანდიელი ბობ მეიერის მიერ შექმნილ კომპანიას, პირდაპირი მიყიდვის წესით, მისთვის ჩამორთმეული ქონება, გამარტივებული პირობებითა და ბინათმშენებლობის უფლებით გადასცა. მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძემ შემდგომ ლიცენზიაც მოსთხოვა.

საკუთრების უფლების დარღვევა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები 2003-2012 წლებში - სწორედ ეს თემები განიხილეს დღეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მე-10 სხდომაზე.

დღის ამბები