26 აგვისტო 2026,   07:18
ვრცლად
საქართველოს სასამართლოს მართვის ხელში ჩაგდების მცდელობა და პოლიტიკური გადაწყვეტილება - ლევან მურუსიძის შეფასება ბრიტანეთის სანქციებთან დაკავშირებით

საქართველოს სასამართლოს მართვის ხელში ჩაგდების მცდელობა და პოლიტიკური გადაწყვეტილება, - ასეთია ლევან მურუსიძის შეფასება ბრიტანეთის სანქციებთან დაკავშირებით. ლონდონმა მოსამართლეებს, ლევან მურუსიძეს და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები გუშინ დაუწესა. ყადაღა შეეხება ანგარიშებს, სხვა საშუალებებს და ეკონომიკურ რესურსებს. განმარტებაში წერია, რომ სანქციები ეფუძნება გონივრული ეჭვებს, რომ მურუსიძე და ჩინჩალაძე ჩართული იყვნენ კორუფციაში.

ვარაუდებით მიღებული გადაწყვეტილება - ასეთია დასანქცირებული მოსამართლის პოზიცია.

"ახლა რატომღაც დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გაიღვიძა და შეწუხდა, რომ საქართველოში არის კორუმპირებული ლევან მურუსიძე და მის მიმართ უნდა განხორციელდეს ზეწოლა და გათავისუფლდეს საქართველო კორუფციისგანო. ამიტომ, რეალურად, მათი მიზანი არის შეტევა სასამართლო სისტემაზე. ვერ ექნებოდათ ვერავითარი მტკიცებულება, ამიტომ არის ეს ბუნდოვანი და უნივერსალური სიტყვა - კორუფცია. რაში გამოიხატება ეს კორუფცია ვერ იტყვიან, იმიტომ რომ აქ კორუფციაზე არც არის საუბარი, რეალურად, საუბარი არის სასამართლოს ბერკეტების ხელში ჩაგდებაზე, რომ შემდგომ თავიანთი პოლიტიკური მიზნები, ვისი დაჭერაც მოუნდებათ რომ დაიჭიროს სასამართლომ, ვისი გამოშვებაც მოუნდებათ რომ გამოუშვას და ვიყოთ მათი ყურმოჭრილი ბრძანებების შემსრულებლები. ჩემთან, როგორც გითხარით, წლების განმავლობაში ყოველთვის ჰქონდათ ასეთი კომუნიკაცია, ხან რას გვთხოვდნენ, ხან მეუბნებოდნენ, რომ მოსამართლეები არ დანიშნოთ უვადოდ, ეს მოსამართლე არ დანიშნოთ, განახორციელეთ ვეტინგი, ჩვენთვის მისაღები მოსამართლეები უნდა იყვნენ საბჭოში და ა.შ. ჯერ დაიწყეს სავიზო შეზღუდვები, მერე ბალტიისპირეთის ქვეყნები წამოეწივნენ, მერე უკრაინა წამოეწია, ახლა ფინანსური სანქციები. მე ვფიქრობ, ამით არ გაჩერდებიან, ვინაიდან, მე უკან დახევას არ ვაპირებ, ვარ ძალიან მშვიდად, ძალიან მტკიცედ. რაც უფრო მეტი იქნება ზეწოლა, მეტი მედეგობა იქნება პირადად ჩემი მხრიდან. იქნება საბანკო შეზღუდვები, რომ უცხოურ ვალუტაში ფულს ვერ გადავრიცხავ. დანარჩენი, ქონება უცხოეთში არ მაქვს, რომ დამიყადაღონ, ხელფასს ვერ შეეხებიან. დანარჩენი არ ვიცი. აქ ფინანსურ სანქციებზე და კორუფციაზე არ არის საუბარი. თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ რამე ფაქტი რომ ყოფილიყო, აქამდე ხომ იტყოდნენ," - აცხადებს ლევან მურუსიძე.

 

 

დღის ამბები