თბილისში ისევ პოლიტიკური შეფასებით თემაა ჩეხეთის საელჩოს განცხადება.
დიპლომატიურმა უწყებამ გუშინ დაწერა - "სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველო, რომელიც ერთ დროს სამხრეთ კავკასიის დემოკრატიის შუქურა იყო, იხრება ავტორიტარიზმისკენ".
განცხადების საპასუხოდ, "ქართულ ოცნებაში" თქვეს, რომ "ტერმინი "დემოკრატიის შუქურა" მჭიდროდ არის დაკავშირებული სააკაშვილთან, მათ შორის, როგორც უცხოელი აქტორებისგან სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებზე ხელის დაფარების სიმბოლო.
ჩეხეთის საელჩოს მხრიდან კი ამ ტერმინის დადებით კონტექსტში გამოყენება, მმართველი გუნდის შეფასებით, ცინიზმია." ქართულ ოცნებაში" აინტერესებთ დემოკრატიის შუქურაში გულისხმობენ 2012 წლამდე თუ შემდგომ პერიოდს. დიპლომატიურ უწყებას დამატებითი განმარტება არ გაუკეთებია.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, აინტერესებს საელჩო დემოკრატიის შუქურაში 2012 წლამდე პერიოდს გულისხმობს თუ შემდგომს.
"რომელ პერიოდს აფასებს დემოკრატიის შუქურად. ჩვენ ყველას, ჩემ კოლეგებსაც პირველი ეს შეკითხვა გაგვიჩნდა, 2003 -2012 წლები?! თუ ამ წლებზე საუბრობს, შემიძლია ცალკე ადგილი დავითმო ამ ადამიანებს საგამოძიებო კომისიის ოთახში, სადაც მოსმენები მიმდინარეობს, დაჯდეს და მოიკითხოს როგორ ანათებდა ეს შუქურა თავის საზოგადოებაში, რა ტიპის დემოკრატიას ასხივებდა.
თუ მოგვიანებით პერიოდზეა საუბარი - 2012 წლიდან თუ არის დემოკრატიის შუქურაობაზე საუბარი, ამ ტიპის განცხადებები ჩვენ თავის დროზე არ მოგვისმენია, ამიტომ სანამ ასეთ დაუფიქრებელ განცხადებებს გააკეთებდნენ კარგად გაიაზრონ რა გამოიარა ამ ქვეყანამ", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.