ამერიკის მიერ დაწესებულ ტარიფებს უკვე მოჰყვა არაერთი ქვეყნის პირველი პირის, ფინანსური უწყებებისა და ორგანიზაციების მწვავე რეაქცია.
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ტრამპის გადაწყვეტილება უარყოფითად იმოქმედებს მთელ მსოფლიოზე. კრისტინ ლაგარდის თქმით, ზარალი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად ხისტი იქნება და რა ვადით დაწესდება ტარიფები. მისივე თქმით, ხშირად ტარიფები ზიანის მომტანია იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც მათ აწესებენ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის აზრით კი ეს ტარიფები დიდი ეკონომიკური შეცდომაა. ანტონიუ კოშტას თქმით, ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო ომი "ყველას შეეხება". მისივე თქმით, ევროკავშირმა ტარიფებს "მტკიცედ, მაგრამ გონივრულად" უნდა უპასუხოს.
არასწორი უწოდა დაწესებულ ტარიფებს იტალიის პრემიერ-მინისტრმაც. ჯორჯია მელონის განმარტებით, ამ ნაბიჯმა შესაძლოა, სავაჭრო ომი გამოიწვიოს, რაც აუცილებლად დაასუსტებს დასავლეთს "სხვა გლობალური აქტორების სასარგებლოდ".
საპასუხო ზომების დაუყოვნებლივ მიღების შესახებ განაცხადა შვეიცარიამ. ქვეყნის პრეზიდენტის, კარინ კელერ-სუტერის თქმით, "შვეიცარიის გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესები უმთავრესია."
"მეგობრობა ნიშნავს პარტნიორობას, პარტნიორობა ნიშნავს რეალურად და ჭეშმარიტად საპასუხო ტარიფებს,საჭიროა ადეკვატური გადაწყვეტილებები", – ეს კი პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის რეაქციაა ტრამპის ტარიფებზე.
ამავე დროს აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი ქვეყნებს ურჩევს, ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მშვიდად შეხვდნენ, დაელოდონ ვითარების განვითარებას, სიტუაცია კარგად გაიაზრონ და ახალ ტარიფებს ნაჩქარევად არ უპასუხონ.