აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის ძირითად გამოწვევებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა დროებით დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
"ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დაფუძნებულია ურთიერთ პატივისცემაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პატივისცემა. ეს პრინციპი მნიშვნელოვანია როგორც ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობებისთვის, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის კონტექსტში, რომელიც ეფუძნება გაეროს წესდების პრინციპებს," - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენიმ.
კომენტარი გააკეთა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმაც.
"მომავალში ვიმედოვნებთ, რომ გაძლიერდება ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურისა და ხალხთა შორის ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებები. სტრატეგიული პარტნიორობა, განსაკუთრებით ისეთ პროექტში, როგორიცაა შუა დერეფნის მიმართულებით თამაშობს მნიშვნელოვან როლს მომავალი თანამშრომლობის კუთხით," - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.