26 აგვისტო 2026,   07:46
ვრცლად
"არანაირი ტელეფონი საქართველოს არცერთი პრეზიდენტის მხრიდან და, მათ შორის, არც მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არასოდეს, არცერთ წელს არ მიმიღია" - თინა ბოკუჩავა

"არანაირი ტელეფონი საქართველოს არცერთი პრეზიდენტის მხრიდან და, მათ შორის, არც მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, მე, თინათინ ბოკუჩავას არასოდეს, არცერთ წელს არ მიმიღია," - ამის შესახებ პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა.

"11 წლის განმავლობაში საქმეზე, რომელიც 2014 წელს დაიწყო ეძებდნენ დაგეშილი პროკურორები მტკიცებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა რაიმე საბიუჯეტო თანხა მიითვისა, მაგრამ ამის ვერცერთი მტკიცებულება მათ ვერ ნახეს.

არანაირი ტელეფონი საქართველოს არცერთი პრეზიდენტის მხრიდან და, მათ შორის, არც მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, მე, თინათინ ბოკუჩავას არასოდეს, არცერთ წელს არ მიმიღია. ამიტომ ამ ცილისწამებასა და ბრალდებაზე, მე აუცილებლად მოვითხოვ პასუხს," - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ 300 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა ამავე საქმეზე ბრალდებულ თეიმურაზ ჯანაშიას. ექსპრეზიდენტმა უარი განაცხადა კლინიკა "ვივა მედიდან" დისტანციურად ჩართვაზე. მოსამართლის განცხადებით, პენიტენციურმა სამსახურმა წარმოადგინა ცნობა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილმა ჩართვა არ მოისურვა და გამოჯანმრთელებამდე სხდომის გადადება მოითხოვა. პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა. წარდგენილ ბრალდებაში, ორივე პირი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

დღის ამბები