შედეგიანი აღმოჩნდა 9-საათიანი მოლაპარაკება საუდის არაბეთში, აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის.
უკრაინა დათანხმდა, მიიღოს შეერთებული შტატების წინადადება ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის შესახებ. თავის მხრივ, შტატები დაუყოვნებლივ განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას.
მხარეებმა განიხილეს ასევე ცეცხლის შეწყვეტის დროს ჰუმანიტარული ძალისხმევის მნიშვნელობა, მათ შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლება და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნება.
შეხვედრის დასრულებიდან მალევე, ორი ქვეყნის დიპლომატებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს.
"ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რუსეთი მიიღებს თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, როგორი იქნება მათი რეაქცია. რა თქმა უნდა, თუ რუსეთი დათანხმდება, ჩვენ მზად ვართ, დაუღალავად ვიმუშაოთ მოლაპარაკებების მომდევნო ეტაპის მოსამზადებლად. ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის. ჩვენ განვიხილეთ პირობები, განვიხილეთ პრინციპები, რომელზეც შესაძლებელია სამომავლო გეგმების აგება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა. ჩვენი მიზანი, უპირველეს ყოვლისა, იყო პირველი ნაბიჯების განხილვა შესაძლო ზავისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე, განვიხილეთ სიტუაცია ფრონტის ხაზზე. რუსეთს ახლა მთელი მსოფლიო ელოდება", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებას ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით ახლა რუსეთისგან ელოდებიან.