26 აგვისტო 2026,   09:08
ვრცლად
მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში თუ ბოიკოტი - ოპოზიციური პარტიებიდან საარჩევნო მარათონში ჩაბმას ამ ეტაპზე მხოლოდ "გირჩი" ეთანხმება, რა ულტიმატუმზე საუბრობს დანარჩენი ოპოზიცია

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიცია - გავა თვითმმართველობის არჩევნებზე თუ ბოიკოტს გამოუცხადებს მას. ამ ეტაპზე პასუხი მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, სააკაშვილის გუნდი კვლავ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს და სხვა არჩევნებში მონაწილეობის მიღების აზრს ვერ ხედავს.

დარჩენილი სამი ბარიერგადალახული პარტია ჯერ კიდევ ფიქრობს, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" მსგავსად თვლის, რომ საზოგადოების დაკვეთა ხელახალი საპარლამენტო არჩევნებია და არა თვითმმართველობის. არსებობს კიდევ ერთი მოთხოვნა, აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლება, ახალი არჩევნები და ამის შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებზე გასვლა.

ერთიანობა, რომლის შენარჩუნებისკენაც "ნაციონალური მოძრაობა" დანარჩენ ოპოზიციას მოუწოდებს, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილოებაზე უარია. ყოფილ სახელისუფლებო ძალაში გადაწყვეტილება მიღებული აქვთ და ამბობენ, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით ადგილობრივ არჩევნებში ჩართვა საზოგადოების მოტყუება იქნება.

პარტიების უმრავლესობაში უკვე გადაწყვეტილი აქვთ, რომ ხელახალი არჩევნების დანიშვნის და დაავებულების გათავისუფლების გარეშე, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილოებას არ მიიღებენ.

საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიცია დამოუკიდებლად ვერ მოქმედებს და იმ შემთხვევაში თუ დავალებას გარე ძალებისგან მიიღებენ, პოზიციასაც შეცვლიან და არჩევნებში მონაწილოებასაც დათანხმდებიან.

საპარლამენტო არჩევნებში ბარიერს მიღმა დარჩენილი "გირჩი" ერთი წლის შემდეგ ბედს კიდევ ერთხელ ცდის და ადგილების დაკავებას საკრებულოში შეეცდება. ამბობენ, რომ საარჩევნო კამპანიის კონკურენტულ გარემოში წარმართვას ისურვებდნენ, თუმცა თუ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში დარჩება, ეს მათ პოზიციაზე გავლენას ვერ მოახდენს.

თბილისის მერი და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერები ოპოზიციის უმრავლესობის გადაწყვეტილების მიღმა შიშს ხედავენ და აცხადებენ, რომ არაერთ არჩევნებში მარცხის შემდეგ პარტიების უმარვლესობა პოლიტიკურ ველზე დარჩენას ცდილობს.

თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. პარტიებს კი, რომლებიც ჯერ არ არიან ჩამოყალიბებული, მიიღებენ თუ არა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილოებას, ფიქრისთვის დრო მინიმუმ 6 თვე აქვთ.

დღის ამბები