ევროპისთვის ახლა უკრაინის გვერდით დგომას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - ბრიუსელში, საგანგებო სამიტზე შეკრებილი ლიდერების განცხადებით, ევროპის თავდაცვა და უსაფრთხოება უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების გარეშე არ განიხილება. ანტონიო კოშტამ უკრაინის პრეზიდენტს უთხრა, რომ ევროპა ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაში, უკრაინას მარტო არ დატოვებს.
ევროპელი პოლიტიკოსების შეფასებით, მშვიდობა არსებულ ვითარებაში რთულად მისაღწევია და მას დაცვა სჭირდება. ამიტომ, ევროკავშირი მზად არის თავდაცვის გასაძლიერებლად ხარჯები გაზარდოს. ევროკომისიის პრეზიდენტმა დღეს კოლეგებს ის კონკრეტული გეგმა წარუდგინა, რომელიც ევროპაში თავდაცვითი ინფრასტრუქტურის შექმნისთვის, 800 მილიარდი ევროს დახარჯვას ითვალისწინებს.
ბრიუსელშია უკრაინის პრეზიდენტიც - ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებით, საგანგებო სამიტზე მისი მიწვევა, კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ უკრაინა საფრთხის წინაშე მარტო არ დარჩება.
რამდენად ერთიანია ევროკავშირი? ბრიუსელში შეკრებილ ლიდერებს, დღეს ამ თემაზეც მოუხდათ მსჯელობა. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ისეთი კოალიციის შექმნის აუცილებლობაზეც ისაუბრა, როდესაც ერთ ქვეყანას გადაწყვეტილების დაბლოკვა აღარ შეეძლება. ბრიუსელში ისიც კარგად აქვთ გააზრებული, რომ მხოლოდ ევროპის მხარდაჭერა შესაძლებელია საკმარისი არ აღმოჩნდეს.
ბოლო სამი დღის განმავლობაში, ევროპის ტერიტორიაზე ევროპელი პოლიტიკოსები, უკრაინის სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმების მისაღწევად საგანგებო ფორმატში, უკვე მეორედ შეიკრიბნენ.