უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 1107-ე დღეს, ევროპა ბირთვულ საფრთხეებზე ალაპარაკდა. სპეციალური განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა გააკეთა. ემანუელ მაკრონი დებატების გახსნის წინადადებით გამოვიდა, სადაც უნდა გადაწყდეს გავრცელდება თუ არა საფრანგეთის ბირთვული ქოლგა ევროპელ პარტნიორებზე. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა რომ ვაშინგტონი ევროპის მოკავშირედ დარჩება, თუმცა ისიც აღნიშნა რომ ამერიკის გარეშეც მზად უნდა იყვნენ სხვა სცენარისთვის.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებამ ვნებათაღელვა გამოიწვია მოსკოვში. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებდნენ განცხადებებს. მარია ზახაროვამ მაკრონი ზღაპრის პერსონაჟს შეადარა, რომელიც ცდილობს, ევროპაში თავისი ბირთვული ქოლგა გაშალოს. მედვედევმა საფრანგეთის პრეზიდენტს სამუდამოდ გაქრობა დაუანონსა. კრემლში კი თქვეს, რომ მაკრონის ბირთვული რიტორიკა რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
შტატები კი მიიჩნევს, რომ კონფლიქტი უკრაინაში არის არაპირდაპირი ომი ბირთვულ ქვეყნებს - ამერიკასა და რუსეთს შორის. სახელმწიფო მდივანმა, თქვა, რომ ომის დასრულება უკრაინისა და რუსეთის მხრიდან დათმობებზე წასვლას მოითხოვს. fox News-თან ინტერვიუს დროს რუბიოს შუბლზე ჯვარი ჰქონდა გამოსახული, რითაც კათოლიკურ სამყაროში დიდი მარხვის დაწყებას აღნიშნავენ.
სწორედ ამერიკის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკის გამო დაიწყო ევროპამ კონტინენტის უსაფრთხოებისთვის ალტერნატიული გეგმების შემუშავება. ჯერ კიდევ 25 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთი მზადაა, გერმანიის ტერიტორიაზე თავისი რამდენიმე ბირთვული გამანადგურებელი განათავსოს და რუსეთს დაანახოს, რომ არაბირთვული ევროპული ქვეყნები მფარველობის გარეშე მაშინაც არ დარჩებიან, თუ ამერიკელი სამხედროები კონტინენტს დატოვებენ.