უკრაინაში კონფლიქტი აშშ-სა და რუსეთს შორის არაპირდაპირი ომია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინაში ომის დასრულება "ორივე მხრიდან დათმობებს მოითხოვს".
როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, აქამდე უკრაინელებისა და მათი მოკავშირეების გეგმა იყო: "მოდით, გავაგრძელოთ მათთვის იმდენის მიცემა, რამდენიც დასჭირდებათ". მარკო რუბიოს თქმით, ეს სტრატეგია არ არის.
"თავიდანვე ცხადი იყო, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამას გახანგრძლივებულ, ჩიხში შესულ კონფლიქტად განიხილავს. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არის არაპირდაპირი ომი ბირთვულ ძალებს შორის - აშშ-ს, რომელიც უკრაინას ეხმარება და რუსეთს შორის - და ის უნდა დასრულდეს. არავის აქვს რაიმე იდეა ან გეგმა მის დასასრულებლად. აქამდე უკრაინელების და მათი მოკავშირეების გეგმა იყო, რომ უბრალოდ, მოდით, გავაგრძელოთ მათთვის იმდენის მიცემა, რამდენიც დასჭირდებათ. ეს არ არის სტრატეგია. მოლაპარაკებების მაგიდასთან ორივე მხარე უნდა მივიყვანოთ. უკრაინელები იქ უნდა იყვნენ, რა თქმა უნდა, ეს მათი ქვეყანაა. მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსებიც უნდა იყვნენ. ამის გაკეთება მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია. მიზნად ეს რჩება და სწორედ ამაზე ვართ ახლა ორიენტირებული," - განაცხადა რუბიომ.