ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის კონგრესში გამოსვლა ცოტა ხნის წინ დასრულდა. "გავხადოთ ამერიკა ისევ დიდებული" - ამ სიტყვებით დაიწყო ტრამპის გამოსვლა, რომელიც თითქმის 2 საათი გაგრძელდა. ეს თანამდებობაზე ხელმეორედ დაბრუნების შემდეგ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წინაშე მისი პირველი ანგარიშია.
ომი უკრაინაში, USAID და საგარეო დაფინანსების შეჩერება, მიგრაციის დარეგულირება და საშტატო რეორგანიზაცია - ამ ძირითად საკითხებზე 6 კვირიანი მმართველობის შემდეგ შტატების პრეზიდენტმა ამჯერად კაპიტოლიუმის შენობაში ისაუბრა.
სესია ორპარტიულია. ტრამპის გადაწყვეტილებების გამო დარბაზში უკმაყოფილება უკვე გამოთქვეს დემოკრატებმა. რაც შეეხებათ რესპუბლიკელებს, ტრამპის თანამებრძოლები განხორციელებული ცვლილებებისთვის პრეზიდენტს მადლობას უხდიან.
"ექვსი კვირის წინ მე ვიდექი ამ კაპიტოლიუმის გუმბათის ქვეშ და გამოვაცხადე ამერიკის ოქროს ხანის დაწყების შესახებ. იმ მომენტიდან მოყოლებული, ჩვენი ქმედებები იყო სწრაფი და ურყევი. მე ვუბრუნდები ამ დარბაზს დღეს ღამით, რათა განვაცხადო, რომ ამერიკის ძლიერება დაბრუნდა. ამერიკული ოცნება უფრო დიდი და ძლიერია, ვიდრე ოდესმე.
ჩვენი ადმინისტრაცია ამ ექვსი კვირის განმავლობაში გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამდა. დავაწესეთ ტარიფები — თუ დაგვაკისრებენ გადასახადებს, ჩვენ საპასუხოდ ვიმოქმედებთ. იმისთვის, რომ დავიცვათ ამერიკული სამუშაო ადგილები და გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა. ჩვენ ამ კვირაში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ, იმისთვის, რომ აქ, ამერიკაში მკვეთრად გავზარდოთ კრიტიკული მინერალებისა და იშვიათი მიწის ელემენტების წარმოება . ეს არის ჩვენი დაპირება: ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, იქნება "დამზადებული ამერიკაში".
ჩვენი საზღვრები დაცულია. საზღვრის უკანონო კვეთა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც კი ოდესმე ყოფილა, და ჩვენ გავაგრძელებთ ამას მასობრივი დეპორტაციებით.
მე მაქვს მანდატი ამერიკელი ხალხისგან. მე გადამარჩინა ღმერთმა, რათა ამერიკა ისევ დიადი გამეხადა. ეს არის ჩვენი ვალდებულება: აღვადგინოთ ეკონომიკა, დავიცვათ ჩვენი საზღვრები, დავამყაროთ მშვიდობა და დავაბრუნოთ ამერიკული სიამაყე. ჩვენ მხოლოდ დავიწყეთ. ერთად, ჩვენ შევქმნით ამერიკის ოქროს ხანას", - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.