ისრაელში მორიგი ტერაქტი მოხდა. 20 წლის ახალგაზრდა ავტობუსის გაჩერებაზე გამვლელებს ფიზიკურად ცივი და ცეცხლსასროლი იარაღით გაუსწორდა. პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე გაანეიტრალა. გაირკვა, რომ ის ეროვნებით პალესტინელი, გერმანიისა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირია, რომელიც ისრაელში ცხოვრობდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ, სისხლიანი თავდასხმის დროს, ის რელიგიურ მოწოდებებს იმეორებდა. პოლიციამ ადგილზე კიდევ ერთი პირი მოკლა, მისი შემხებლობა ტერაქტთან ამ დრომდე არ დასტურდება.
თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, მოხუცი მამაკაცი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა, მძიმეა საავადმყოფოში გადაყვანილი ორი ქალისა და ერთი მოზარდის მდგომარეობა.
მომხდარიდან მალევე ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ჰამასმა" აიღო. ტერორისტული ორგანიზაციის გავრცელებულ ტექსტში ნათქვამია, რომ თავდასხმის მიზანი შურისძიება იყო.
პარალელურად ისრაელსა და "ჰამასს" შორის ღაზის სექტორში შეტაკებები განახლდა. ტერორისტულმა ორგანიზაციამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა. საპასუხოდ ისრაელმა კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა შეაჩერა. ესკალაციის განმუხტვას ახლო აღმოსავლეთში ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტიფ უიტკოფი შეეცადა და მხარეებს რამადანის და პასექის პერიოდში სამშვიდობო შეთანხმების გახანგრძლივება შესთავაზა. წინადადებას დათანხმდა ისრაელი, "ჰამასმა" კი უარი თქვა.
ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში ტერორისტების ტყვეობიდან ათეულობით ისრაელელი გათავისუფლდა. მხარეებს შორის შეთანხმება 1 მარტს დასრულდა. ისრაელი "ჰამასს" სამშვიდობო შეთანხმების გახანგრძლივებას და მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ციხეებიდან პალესტინელი პატიმრების გამოშვებას სთავაზობს. მედიის ცნობით, ტერორისტების ტყვეობაში ამ დრომდე 24 ისრაელელი მძევალი რჩება.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე