უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელება, მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინის ყოფნის აუცილებლობა, სამშვიდობო მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში უკრაინაში რუსეთის ხელახალი შეჭრის აღკვეთის მცდელობა და ევროპის სახელმწიფოთა ნებაყოფლობითი კოალიციის შექმნა უკრაინის დაცვისა და მშვიდობისთვის - ამ ოთხ ძირითად პუნქტზე შეთანხმდნენ ევროპელი ლიდერები ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ლონდონში გამართულ შეხვედრაზე.
საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო უკრაინასა და რუსეთს ნაწილობრივ, ერთთვიან ზავს სთავაზობენ, რომელიც სახმელეთო საბრძოლო მოქმედებებს არ მოიცავს - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა გაზეთ "ფიგაროსთან" ინტერვიუში ისაუბრა. ემანუელ მაკრონის თქმით, ცეცხლი კონფლიქტის ზონაში საჰაერო და საზღვაო სივრცეში, ასევე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უნდა შეწყდეს. მაკრონის და სტარმერის გეგმის მიხედვით, ეს მშვიდობის დამყარების პირველი ეტაპი იქნება, რის შემდეგად უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განთავსება გახდება შესაძლებელი.
ლონდონში გუშინ გამართულ შეხვედრებზე ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ახალი რაკეტების შესაძენად მილიარდ 600 მილიონ ფუნტ-სტერლინგს გამოყოფს.
დიდი ბრიტანეთის დატოვებამდე განცხადებები მედიისთვის გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა.
"უკრაინა არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიად - ჩვენი ტერიტორიები და ღირებულებები არ იყიდება" - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისივე თქმით, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უნდა იყოს სამართლიანი და შეიცავდეს უსაფრთხოების მკაფიო გარანტიებს.
სამიტის შემდეგ პოზიცია დააფიქსირა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპის ხელახალი შეიარაღების გეგმის წარდგენა დაანონსა.
საკუთარი დამოკიდებულება სამიტთან და მის შედეგებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ "იქსში" გამოხატა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
"ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინაში მშვიდობის ნაცვლად ომი უნდა გაგრძელდეს" - წერს ორბანი. მისივე შეფასებით, ეს საშიში შეცდომაა.