30 აგვისტო 2026,   09:06
ვრცლად
გაამართლა თუ არა სვლამ, რომელიც ოკუპანტის წინააღმდეგ მსოფლიო ქვეყნების ნაწილმა გადადგა - გეოპოლიტიკური ნაბიჯები 3 წლის წინ და შეფასებები უკრაინაში ომის დაწყებიდან 3 წლის შემდეგ

მაშინ, როცა მსოფლიო ომსა და მშვიდობას შორის მკაფიო ზღვარს ავლებს, გეოპოლიტიკური მოცემულობაც იცვლება. მეხსიერება წარსულს, აწმყოსა და მომავალს მოიცავს, თუმცა, როცა საქმე პოლიტიკურ ამნეზიას ეხება, მეცნიერული დასკვნები თავდაყირა დგება. ასე მოხდა ახლაც. ის, რაც ქართულმა ოპოზიციის ნაწილმა, სამი წლის წინ თქვა, სამი წლის შემდეგ დაივიწყა. ამ ამბის ქრონოლოგია კი 2022 წლის 24 თებერვლიდან იწყება. უკრაინაში ომის დაწყებიდან მეორე დღესვე ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორმა საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა დაიწყეს. მწვავე განცხადებების მიზეზი მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გახდა. ეროვნული და ეკონომიკური ინტერესების დაცვის მიზნით, ხელისუფლებამ სახელმწიფოს ხელშეწყობით, ომში მოხალისეების გაგზავნასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარი თქვა.

ხელისუფლების მაშინდელ გადაწყვეტილებას ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან, რუსთაველის რვა ნომერთან საპროტესტო აქციები, რუსთაველის რვაში კი სანქციებთან მიერთების მოთხოვნები მოჰყვა.

წარსული საზოგადოებას ქრონოლოგიურად შეახსენა პარლამენტის თავმჯდომარემ - პირველმა კანონმდებელმა ვრცლად გაიხსენა ის ფაქტები, რომელიც, მისი განცხადებით, საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვის მცდელობისკენ მოწოდებები იყო. შალვა პაპუაშვილმა დაწერა ისიც, რომ ომიდან მეოთხე დღეს უკრაინის პრემიერ-მინისტრი ფრონტზე ქართველი მებრძოლების გაგზავნას ითხოვდა.

უკრაინის მთავრობის მეთაური, დენის შმიგალი 2022 წლის 28 თებერვალს Facebook პოსტით, ქართველი კოლეგისგან ოფიციალური ნებართვის გაცემასა და უკრაინაში მოხალისეების გამგზავრების უზრუნველყოფას სოციალური ქსელის პოსტებით ითხოვდა.

წარსულის მოწოდებებს ოპოზიცია აწმყოში ემიჯნება. "ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ საქართველოდან უკრაინაში მოხალისეების გაგზავნა არასდროს მოუთხოვიათ. ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ იმასაც, რომ სანქციებთან მიერთებაზე მოწოდების ფაქტები არც პარტნიორების მხრიდან ყოფილა.

"ნაციონალური მოძრაობის" მსგავსად, წარსულში გაკეთებულ განცხადებებს ემიჯნებიან კოალიცია "ძლიერ საქართველოშიც." წლების წინ აცხადებდნენ, რომ რუსეთში ექსპორტის შეჩერება საქართველოსთვის მძიმე დარტყმა არ იქნებოდა დღეს კი ამბობენ, რომ სანქციების დაწესებაზე პირდაპირი მოთხოვნები არ ჰქონიათ. ოპოზიციური პარტია საქართველოს სანქციების გვერდის ავლაში ადანაშაულებს, თუმცა სანქციების გვერდის ავლა ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში პრობლემა რომ არ ყოფილა, ეს ჯეიმს ო"ბრაიენმაც განაცხადა, რომელიც თბილისში ამერიკის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციების კოორდინატორთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

"ქართულ ოცნებაში" ოპონენტების პოლიტიკური ამნეზია არ უკვირთ. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ოპოზიცია ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებდა, მათი რიტორიკა კი გეოპოლიტიკურმა მოცემულობამ შეცვალა.

ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია, ცალკეული ქვეყნის ლიდერებისა და ევროპარლამენტარების მოწოდებები, რომ საქართველო ევროკავშირის სანქციებს შეერთებოდა, მსგავსი შინაარსის რეზოლუცია და ჩანაწერი დოკუმენტში - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ოპოზიციას ფაქტებს ახსენებს. მთავრობის მეთაური განმარტავს, რომ ქვეყნის გარედან მოწოდებებს ოპონენტები, მესამე სექტორთან ერთად, ქვეყნის შიგნითაც იზიარებდნენ.

მაშინ როცა, ჩვენმა ქვეყანამ მშვიდობის ფასი ყველაზე მეტად იცის, თავად ოკუპაციის პირობებში მყოფი საქართველოს მხრიდან უკრაინის დახმარებაზე ფაქტები მეტყველებს; სამი წლის განმავლობაში, საქართველომ მხარი დაუჭირა და დაასპონსორა უკრაინის მხარდამჭერი ათობით რეზოლუცია გაეროს, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ეგიდით. ჩვენი ქვეყანა იმ 38 ქვეყანას შორის იყო, რომელმაც ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით მიმართა. საქართველოს ხელისუფლებამ ომით დაზარალებულ ქვეყანაში ასეულობით ტონა ჰუმანიტარული დახმარებაც გაგზავნა. ომს გამოქცეული 20 000-ზე მეტი უკრაინელი საქართველოში - მათთვის ხელისუფლებამ, სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით, დახმარების არაერთი ნაბიჯები გადადგა. საქართველომ ომში მყოფ ქვეყანას თანადგომისა და დახმარების ხელი ყველა ეტაპზე და ყველა დონეზე გაუწოდა.

 

ავტორი: იზი ბურნაძე

დღის ამბები