ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ დიდი ბრიტანეთი - უკრაინის პრეზიდენტი ლონდონშია. თეთრ სახლში ვერშემდგარი შეთანხმების შემდეგ, ევროპელი ლიდერები და გაერთიანებული სამეფო უკრაინის დახმარების გზების ძიებაშია. კიევმა მხარდაჭერის გარანტია ლონდონისგან უკვე მიიღო, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კი ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებაზე საუბრობს. ამ მიზნით დღეს, ლონდონში საერთაშორისო ევროპელი ლიდერების სამიტი გაიმართება.
"ძალიან, ძალიან მიხარია თქვენი მობრძანება აქ, დაუნინგ სტრიტზე. ქუჩიდან გამოწვეული შეძახილებით შეიტყვეთ, რომ გაქვთ სრული მხარდაჭერა მთელი გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით. ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით უკრაინაში, რამდენ ხანსაც ეს არ უნდა გაგრძელდეს. იმედი მაქვს, ქუჩაში მყოფი ადამიანების ხმა თქვენამდეც მოვიდა — ეს გაერთიანებული სამეფოს ხალხია, რომელიც გამოდის და აჩვენებს, თუ რამდენად გიჭერთ მხარს თქვენ, რამდენად უჭერს მხარს უკრაინას და რა მტკიცეა მათი გადაწყვეტილება, რომ თქვენთან ერთად დადგნენ — ეს გადაწყვეტილება ურყევია — ხალხი უჭერს მხარს იმ მიზნის მიღწევას, რაც ორივეს გვსურს - ეს არის ხანგრძლივი მშვიდობა. ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება უკრაინის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია გაერთიანებული სამეფოსთვის", - აცხადებს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ლონდონში მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.
"გულითადად მადლობას გადაგიხდით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მიღებისთვის. მართლაც, ძალიან ბევრი ადამიანი ვნახე და მსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, გაერთიანებული სამეფოს ხალხს, ამ ომის დაწყებიდანვე გამოჩენილი უდიდესი მხარდაჭერისთვის. მადლობა თქვენ და თქვენს გუნდს. ძალიან მახარებს, რომ ხვალ მისი უდიდებულესობა მეფე დათანხმდა ჩემთან შეხვედრას, და მადლობელი ვარ ასეთი შესანიშნავი სამიტის ორგანიზებისთვის. უკრაინაში ძალიან გვიხარია, რომ გვყავს ასეთი სტრატეგიული პარტნიორები. თქვენთან ერთად ხელი მოვაწერეთ ისტორიულ დოკუმენტს. მხოლოდ თქვენთან, გაერთიანებულ სამეფოსთან გვაქვს ასეთი დოკუმენტი. ამიტომ გვიხარია და ვითვალისწინებთ თქვენს მხარდაჭერას", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.