კამერების წინ მწვავე დებატების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრი სახლიდან მხოლოდ პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელმა გამოაცილა. უკრაინის პრეზიდენტის კორტეჟი "ფოქსნიუსის" სტუდიისკენ დაიძრა.
ვიდრე ზელენსკი გზაში იყო, თავად ამერიკულმა ტელეკომპანიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინის პრეზიდენტს დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი დაატოვებინა. შეხვედრის დასრულებიდან მალევე, ამერიკის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის.
ოვალურ კაბინეტში შეხვედრა "ფოქს ნიუსის" სტუდიაში შეაფასა უკრაინის პრეზიდენტმა და თეთრ სახლში მწვავე კამათს ორივე მხარისთვის ცუდი ფაქტი უწოდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპსაც უპასუხა და თქვა, რომ უკრაინას მშვიდობა ყველაზე მეტად სჭირდება.
პრეზიდენტების ცხარე კამათს მალევე მოჰყვა რეაქცია ამერიკელი მაღალჩინოსნების მხრიდან. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ტრამპს CNN-ის ეთერიდან მიმართა და ამერიკის ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებისთვის მადლობა გადაუხადა. მარკო რუბიო ვოლოდიმირ ზელენსკის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.
ოვალურ კაბინეტში შეხვედრის შემდეგ, თეთრი სახლის პრესსპიკერმა ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია გაახმოვანა. კეროლინ ლევიტმა თქვა, რომ აშშ-ი უკრაინას სამხედრო დახმარებას აღარ გაუწევს და პრიორიტეტი მხოლოდ სამშვიდობო მოლაპარაკებები იქნება.
"ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი ხალხის თვალში საკუთარი თავი გაინადგურა" - ასეთია ილონ მასკის პოზიცია.
შეთანხმების გარეშე დასრულებული მოლაპარაკებების შემდეგ, ამერიკის და უკრაინის პრეზიდენტების განცხადებებს ერთმანეთის მიყოლებით აფასებენ ევროპელი ლიდერები. ერთ-ერთი პირველი იყო საფრანგეთის პრეზიდენტი. ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ არ შეიძლება იმის დავიწყება, ვინ არის აგრესორი და ვინ მსხვერპლი.
დონალდ ტრამპს მხარდაჭერა გამოუცხადა უნგრეთის პრემიერ მინისტრმა. სოციალურ ქსელ X-ში ვიქტორ ორბანმა დაწერა, რომ ძლიერი ადამიანები მშვიდობას ქმნიან, სუსტები კი ომს. ორბანმა აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა მამაცურად დაიცვა მშვიდობა.
"მოდით უკეთესის იმედი ვიქონიოთ და უარესისთვის მოვემზადოთ" - ასე შეაფასა პრეზიდენტების მწვავე შეხვედრა გერმანიის კანცლერობის კანდიდატმა. ფრიდრიხ მერცი იმედს გამოთქვამს, რომ ამერიკა ევროპის პარტნიორად დარჩება.
პოზიცია დააფიქსირა დიდმა ბრიტანეთმაც. თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ ქვეყნის პრემიერი ვოლოდიმირ ზელენსკის და დონალდ ტრამპს ესაუბრა. კირ სტარმერის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია.
ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდამჭერი განცხადებები გამოაქვეყნეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროპული საბჭოს და ევროპარლამენტის პრეზიდენტებმა, ასევე ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.
უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე, ოკუპანტი უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებს ყოველდღიურად ბომბავს. დღეს ხარკოვში რუსეთის ძალების თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიჭრა. განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
აქვტორი: ლუკა ჩლაიძე