უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი წლის თავზე, პარლამენტის თავმჯდომარე მორიგ გზავნილებს აქვეყნებს, რომელიც მისი განცხადებით, საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვის მცდელობისკენ მოწოდებები იყო. შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ომიდან მეოთხე დღეს უკრაინის პრემიერ-მინისტრი ფრონტზე ქართველი მებრძოლების გაგზავნას ითხოვდა.
"ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში. უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოს მთავრობა აიძულონ, უკრაინაში მებრძოლები გაგზავნოს. პარალელურად, რადიკალური ოპოზიცია და ენჯეობი საპროტესტო აქციას აორგანიზებენ. 2022 წლის 28 თებერვალი. ომი ოთხი დღის დაწყებულია" - წერს შალვა პაპუაშვილი.
ის რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს, უკრაინის მთავრობის მეთაურს 2022 წლის 28 თებერვალს ფეისბუქის გვერდზე თავად აქვს დაწერილი. დენის შმიგალი სამი წლის წინ 15 წუთის ინტერვალით სოციალურ ქსელში პოსტებს აქვეყნებდა და ქართველი კოლეგისგან ოფიციალური ნებართვის გაცემასა და უკრაინაში მოხალისეების გამგზავრების უზრუნველყოფას ითხოვდა.
უკრაინელი მაღალჩინოსნის სამი წლის წინანდელ მოწოდებებს, ოპოზიცია დღეს ემიჯნება. თავს არიდებენ დეტალებზე საუბარს და უარყოფენ, რომ უკრაინაში ომის დაწყების პარალელურად, რაიმე ფორმით საქართველოს ჩართვას ემხრობოდნენ.
ოპონენტების დღევანდელი პოზიცია მმართველი გუნდისთვის საზოგადოების მოტყუების მცდელობაა. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ახლა ოპოზიცია ცდილობს გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილების ფონზე თავი გადაირჩინოს.
რუსეთის შეჭრის შედეგად, უკრაინაში ომის მესამე წელია გრძელდება. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ამ წლების განმავლობაში არაერთ რთულ გამოწვევას გაართვეს თავი და ქვეყანა მთავარ საფრთხეს და მის ტრაგიკულ შედეგებს აარიდეს.