27 აგვისტო 2026,   02:49
ვრცლად
"გამოვთქვათ ეჭვი და ამ საკითხს დავუსვათ კითხვის ნიშანი - იქნება ეს კეთილი მიზნებისთვის გამოყენებული თუ კვლავაც საქართველოში სიტუაციის არევისთვის" - მათიკაშვილი ევროკავშირის ორწლიანი პროგრამაზე 

ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის ორწლიანი პროგრამა დაიწყო - ბიუჯეტი მილიონ 600 000-მდე ევროა.

ევროკავშირის ელჩის განმარტებით, მთავრობისთვის განკუთვნილი თანხა, მისი მოქმედებების საპასუხოდ სამოქალაქო საზოგადოების და მედიის დასახმარებლად გადამისამართდება.

"ქართულ ოცნებაში" კი კითხვებს სვამენ ფინანსების მიზნებთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ იყო შემთხვევები როდესაც მსგავსი პროგრამები რეალურად პროტესტს აფინანსებდა:

"ზოგადად, დასახელების ქვეშ ჩვენ სამწუხაროდ ვნახეთ, რომ ძალიან ბევრი ჩვენი ქვეყნისთვის ანტიდემოკრატიული პროექტების რეალიზება ხდებოდა. ვითომ დემოკრატიის ფესტივალებს ატარებდნენ და ამავდროულად იყო, თავის დროზე ყველაზე ანტიდემოკრატიული ლიდერის და დღეს პატიმარი სააკაშვილის ფოტოები გამოფენილი. მაშინ, როდესაც ახალგაზრდებთან დემოკრატიის თაობაზე ლექციები უნდა წაეკითხათ, აკერმანის ცნობილ ფორუმებს ვიხსენებთ, სადაც რეალურად ხდებოდა რევოლუციისთვის ახალგაზრდების მომზადება. ამიტომაც, მოდით ჩვენ გამოვთქვათ ეჭვი და ამ საკითხს დავუსვათ კითხვის ნიშანი - იქნება ეს კეთილი მიზნებისთვის გამოყენებული თუ კვლავაც საქართველოში სიტუაციის არევისთვის და ანტიდემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

"რეაგირება საქართველოსთვის - მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ტრანსფორმაციისთვის" - ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სახელწოდებით პროგრამა 2027 წლის 31 იანვარს დასრულდება.

მიზნად დასახელებულია სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესის, მედიის და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის განვითარება.

 

დღის ამბები