გურიაში, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა.
ყაველაშვილის თქმით, ამ დროისთვის პრიორიტეტად ელექტროენერგიის აღდგენა და დაზიანებულ ბოძებამდე მისასვლელი გზის გაწმენდა დასახელდა.
მისივე თქმით, სტიქიასთან ბრძოლის სამუშაოებში, აქტიურად არიან ჩართულნი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და თავდაცვის ძალების სამსახურები, რომლებიც მუშაობას ხვალ დილიდან აქტიურ რეჟიმში გააგრძელებენ.
"პრიორიტეტი გამოიკვეთა, რომ ხვალ, დილიდან ინტენსიურად გაგრძელდება მუშაობა. რა თქმა უნდა, ელექტროენერგია არის მთავარი გამოკვეთილი პრიორიტეტი, ელექტროენერგიის ბოძებთან მისასვლელი გზა აღსადგენია. ყველაფერი დეტალურად არის გაწერილი.
ორ საათზე მეტი მიმდინარეობდა საკოორდინაციო შტაბის სხდომა, დეტალურად არის გაწერილი ხვალინდელი გეგმა. ყველა უწყება მონაწილეობს - შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი ადგილზე ბრძანდება. სრულყოფილი ანგარიში მომაწოდეს, გავეცანი ამ ყველაფერს და დარწმუნებული ვარ, თავისთავად, მოსახლეობაც უნდა იყოს იმედიანად, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება, კონკრეტული უწყებები, ჩვენი სამხედროები, სამაშველო ჯგუფები, მობილიზებულია მაქსიმალურად, რათა სწრაფად მოხდეს აღდგენა, ყველა ადამიანამდე იყოს კომუნიკაცია დამყარებული, სადაც კი საჭიროება არსებობს. რა თქმა უნდა, სირთულეებია, სტიქიამ და უხვმა ნალექმა ეს რეალობა შეგვიქმნა, თუმცა იმედიანად ვართ, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდებით, საზოგადოებასთან და მოსახლეობასთან ერთად", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.