ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას იხსენებს რომელიც, მაშინდელმა პრემიერმა ზუსტად 3 წლის წინ გააკეთა. ღარიბაშვილმა მკაფიოდ თქვა, რომ საქართველო ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდებოდა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მეორე დღესვე გახმოვანებულმა ამ პრინციპულმა გადაწყვეტილებამ, ქვეყანა სამხედრო კონფლიქტს აარიდა.
სანქციებთან დაკავშირებით, პირველი საჯარო განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს, ზუსტად იუნკერთა მემორიალთან გააკეთა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, მაშინ ოპოზიციის მხრიდან მწვავე შეფასება მოჰყვა.
ხელისუფლების ოპონენტები მთავრობის გადაწყვეტილებას პრორუსულად აფასებდნენ და ამბობდნენ, რომ ხელისუფლების პოზიცია მოქალაქეების ინტერესს არ გამოხატავდა. საჯარო განცხადებების გარდა, აქტიურობდნენ სოციალურ ქსელში. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აწყობდნენ საპროტესტო აქციებს და სანქციებთან მიერთებას ითხოვდნენ.
სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ოპონენტების მოთხოვნების მინიმალურად გათვალისწინებაც კი ქვეყანას ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენებდა. მმართველი პარტიის ლიდერების შეფასებით, 3 წლის შემდეგ უკვე ნათლად გამოჩნდა, რომ ომის დაწყებისთანავე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანას ეკონომიკური კრიზისი და ტრაგიკული შედეგები ააცილა.
ხელისუფლების ოპონენტები მათი მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნებს დღეს უარყოფენ და პასუხისმგებლობა ევროპელ პარტნიორებზე გადააქვთ. უნდა დაეწესებინა თუ არა ხელისუფლებას სანქციები რუსეთისთვის და უნდა გაეგზავნა თუ არა უკრაინაში მოხალისეები? - დღეს კითხვას მკაფიოდ არც ოპოზიცია, არც არასამთავრობო ორგანიზაციები და არც სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომელიც ხელისუფლების რიტორიკას და პოზიციას ომის დაწყებიდან დღემდე აქტიურად აკრიტიკებს.
ოპონენტების დღევანდელი პოზიცია მმართველ გუნდს არ უკვირს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან უკვე ყველა კარგად ხვდება, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას ალტერნატივა არ ჰქონდა და ეს გეოპოლიტიკურმა მოვლენებმაც დაადასტურა.
უკრაინაში ისევ ომია - საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო დონეზე მშვიდობის დამყარების ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს.