გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე "რუსთავი 2-თან" უახლოეს დღეებში მოსალოდნელ ამინდის პროგნოზთან დაკავშირებით საუბრობს. ხათუნა ქოქოსაძის ინფორმაციით, უამინდობა ქვეყანაში თვის ბოლომდე გაგრძელდება.
"დღეს და ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იქნება ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. განსაკუთრებით ძლიერი აჭარაში, გურიასა და მაღალმთიან რაიონებში. ასევე, ყინვებია მოსალოდნელი. უახლოეს დღეებში ყველაზე დაბალი ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში - დაბლობში -5 გრადუსამდე იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში -9 გრადუსამდე დაიწევს, ეს ძირითადად, შიდა ქართლში. რაც შეეხება ქვემო ქართლს, მათ შორის, დედაქალაქს -4/-5 გრადუსამდე დაიწევს ტემპერატურა.
ასევე, ხვალიდან, მაღალმთიან რეგიონებში, დასავლეთის მიმართულების ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. უამინდობა და არამდგრადი ამინდი გაგრძელდება 27 თებერვლამდე. 27 თებერვალს შეწყდება ნალექი, გამოიდარებს, თუმცა დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. მარტის დასაწყისში კი ძლიერი არა, თუმცა ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია ნალექი," - ამბობს ხათუნა ქოქოსაძე.
რაც შეეხება მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს მარტის თვეში, ხათუნა ქოქოსაძე აცხადებს, რომ ტემპერატურა -12-მდე, ან უფრო მეტად შესაძლებელია მაღალ მთიან რაიონებში დაფიქსირდეს.
"თვის პროგნოზის მიხედვით, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში შესაძლებელია -4/-5 გრადუსამდე დაიწიოს ტემპერატურამ. კოლხეთის დაბლობზე -8 გრადუსამდე. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, შიდა ქართლში შესაძლებელია -10 გრადუსამდე დაეცეს ტემპერატურა. ქვემო ქართლში კი, -5/-6 გრადუსი იქნება. ძლიერი ყინვები მაღალმთიან რაიონებშია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში, მაღალ მთაში -15 გრადუსამდე დაიწევს ტემპერატურა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში -17 გრადუსამდე," - აცხადებს ხათუნა ქოქოსაძე.