დღეს 25 თებერვალია - ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი ქვეყნის ისტორიაში. ზუსტად 104 წელი გავიდა საბჭოთა ოკუპაციიდან. კოჯორში გმირულად დაღუპულ იუნკრებს იხსენებენ. იუნკრების ხსოვნას მემორიალთან პატივი მიაგეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა.
"პატივს მივაგებთ იუნკრების ხსოვნას, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. მათი თავგანწირვა არის სწორედ ის, რამაც მოიყვანა დღემდე ჩვენი სახელმწიფო. თავისუფლებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რაც არ უნდა აღმატებული იყოს მტერი რიცხოვნობით", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა და საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. ხუთ-კვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. თავისუფლებისათვის ბრძოლას კოჯორსა და ტაბახმელის მისადგომებთან არაერთი იუნკერი შეეწირა. საბჭოთა ოკუპაცია 70 წელს გაგრძელდა.