22 ივნისი 2026,   12:59
ვრცლად
3 წელი ომის დაწყებიდან - რუსული აგრესია, რომელმაც უკვე შეიწირა 100 ათასობით ადამიანი, თუმცა დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა დღესაც არავინ იცის

ომის დაწყებიდან ზუსტად 3 წლის თავზე, ევროპელმა ლიდერებმა უკრაინის საზღვარი დღეს კიდევ ერთხელ გადაკვეთეს. კიევის დროით დილის 8 საათზე, ომში მყოფი ქვეყნის დედაქალაქში პირველი ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები ჩავიდნენ. უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისა და სოლიდარობის ნიშნად, კიევში იმყოფებიან ლატვიის, ლიეტუვისა და ფინეთის პრეზიდენტები, ესპანეთის, კანადის, დანიის, ესტონეთის, ნორვეგიისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრები.

ევროპელი ლიდერები, რკინიგზის სადგურიდან სამთავრობო კვარტალისკენ დაიძრნენ. კიევის დროით დილის 10 საათზე, კი სტუმრები მრგვალი მაგიდის ირგვლივ, უკრაინის მხარდაჭერის საერთაშორისო სამიტზე შეიკრიბნენ. 13 სახელმწიფოს ლიდერი დარბაზში, 24 ევროპული ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი კი შეხვედრას დისტანციურად ესწრებოდა.

სრულმასშტაბიანი ომის მესამე წლისთავთან დაკავშირებით, პარტნიორ ქვეყნებთან შეხვედრა, მასპინძელმა, უკრაინის პრეზიდენტმა გახსნა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დასრულების შესაძლო გზებზე ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთის პირისპირ ამერიკასთან ერთად, მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინა და ევროპა უნდა იყოს.

ომის წლისთავამდე ერთი დღით ადრე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპის გზავნილები მედიასთანაც შეაჯამა და თქვა, რომ მზად არის უკრაინაში მშვიდობის ან ნატოს წევრობის სანაცვლოდ თანამდებობა დათმოს. ისაუბრა აშშ-თან წიაღისეულსა და მინერალებზე შეთანხმების შესახებაც და აღნიშნა, რომ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, თუ მასში უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები არ იქნება გათვალისწინებული. უკრაინის ლიდერი ასევე ამბობს, რომ ის არ იღებს ტრამპის განცხადებას 350 მილიარდის დაბრუნების შესახებ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ამბობს, რომ მოსკოვი, მზად არის შეხვედრისთვის, თუმცა სამხედრო მოქმედებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეაჩერებს თუ მოლაპარაკება რუსული მხარისთვის დამაკმაყოფილებელი იქნება.

ამ ფონზე მთელი მსოფლიოს ყურადღება რუსეთ-უკრაინის ომის სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენაა მიმართული. უკრაინაში მიმდინარე ომის 1097-ე დღეს შტატებში საფრანგეთის პრეზიდენტი დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაკრონი ტრამპის დარწმუნებას და მოლაპარაკებებში ევროპისა და უკრაინის ჩართვას ეცდება.

დღის ამბები