22 ივნისი 2026,   15:28
ვრცლად
"მოსახლეობის რიცხოვნობა გაზრდილია 5.8%-ით" - საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი 2024 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებზე

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 929 000-ია, რაც 2014 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით 5.8%-ით მეტია.

მოსახლეობის აღწერის ძირითადი შედეგები საქსტატმა დღეს წარადგინა. აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.

"2014 წელთან შედარებით, მოსახლეობის რიცხოვნობა გაზრდილია 5.8%-ით. რიცხობრივ გამოსახულებაში, ეს გახლავთ 216 000 კაცი. მოსახლეობის 52% ქალია, ხოლო 48% კაცი. აღწერის შედეგების მიხედვით, ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. მოსახლეობის 62% ცხოვრობს საქალაქო დასახლებაში, ხოლო 38% სოფლად. ქალაქის მოსახლეობის წილი, გასული 10 წლის განმავლობაში, გაზრდილია 5%-ით.

ქალაქ თბილისში ცხოვრობს მოსახლეობის 34%. დედაქალაქის მოსახლეობის რიცხოვნობა შეადგენს 1 371 000 კაცს, რაც 20%-ით ანუ 223 000 კაცით აღემატება 2014 წლის აღწერის მონაცემებს.

54%-ით გაიზარდა მოსახლეობის რიცხოვნობა ქალაქ ბათუმში. 153 000-დან 236 000-მდე. თბილისის გარდა მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ქვემო ქართლში, დანარჩენ რეგიონებში კლების ტენდენცია გამოვლინდა.

მოსახლეობის 96.1%, ანუ 3 მილიონ 775 000 კაცი საქართველოს მოქალაქეა. მათ შორის, 8 865 ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირია. საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა, გასული 10 წლის განმავლობაში 2.5%-ით გაიზარდა, ანუ 91 000 კაცით. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა წილი 3.4%-ია, რაც რიცხობრივ გამოსახულებაში 134 000 კაცს შეადგენს, მათ შორის 1 063 მოქალაქეობის არმქონე პირია.

ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან, 37 700 რუსეთის მოქალაქეა, რაც მთელი მოსახლეობის დაახლოებით 1%-ს შეადგენს. 23 900 ინდოეთის მოქალაქეა, ანუ მთელი მოსახლეობის 0.6%, 11 500 უკრაინის, 8 300 აზერბაიჯანის და 5 400 სომხეთის მოქალაქეა. 84.1%, ანუ 3 304 000 კაცი ეროვნებით ქართველია", - განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

დღის ამბები