ევროპამ უკრაინას 100 მილიარდი დოლარი მისცა, ჩვენ 350, რადგან ჩვენ სულელი, არაკომპეტენტური პრეზიდენტი და ადმინისტრაცია გვყავდა. ფული დახარჯულია, საქმე კი უფრო ცუდადაა, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ბოლო განცხადება დონად ტრამპმა მერილენდში, კონსერვატორთა კონფერენციაზე გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ აქტიური კომუნიკაცია აქვს, როგორც ვლადიმერ პუტინთან, ასევე ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ცდილობს, რომ ორივე მხარის ლიდერი ომის დასრულებაში დაარწმუნოს.
ტრამპისთვის მთავარი ფაქტორი კვლავ ის დაფინანსება რჩება, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია.
მისვე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას მოეწეროს ხელი.
"რუს და უკრაინელ ახალგაზრდებს კლავენ. ასეთი რამ არასოდეს გინახავთ. ათასობით ადამიანია დაღუპული. პრეზიდენტს პუტინს ველაპარაკე და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება. საშინელი სურათია.
ვაგვარებ სიტუაციას როგორც პრეზიდენტ ზელენსკისთან, ასევე, პრეზიდენტ პუტინთან. ასევე, ვცდილობ, დავიბრუნო ფული. ევროპამ უკრაინას 100 მილიარდი დოლარი მისცა, ჩვენ 350, რადგან ჩვენ სულელი, არაკომპეტენტური პრეზიდენტი და ადმინისტრაცია გვყავდა. ფული დახარჯულია, საქმე კი უფრო ცუდადაა. ევროპა დაიბრუნებს ამ თანხას, რადგანაც ის სესხის სახით გადასცა კიევს, ჩვენ კი ეს ფული უბრალოდ მივეცით. ამიტომ მსურს, რომ უკრაინამ რაღაც მოგვცეს იმ ფულის სანაცვლოდ. ვეცდები ეს საქმე გამოვიდეს და ვეცდები დავასრულო ხოცვა-ჟლეტა. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ევროპაზეც. მაგრამ ჩვენზე ნამდვილად არ მოქმედებს. ვნახოთ, რა მოხდება. მიმაჩნია, რომ ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან. მართლა საშინელი სიტუაციაა. ეს არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი", - აცხადებს დონალდ ტრამპი.