30 აგვისტო 2026,   09:08
ვრცლად
ევროპა, ამერიკა და ყველა ჩვენი პარტნიორი პუტინმა ვერასდროს უნდა მოატყუოს - რუსეთმა ვეღარ უნდა შეძლოს სხვა ერების განადგურება - ვოლოდიმირ ზელენსკი

სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიცია უცვლელია. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინას ამერიკის შეერთებული შტატებისგან მყარი გარანტიები სჭირდება, რითაც ის მომავალში რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვას მოახერხებს.

ზელენსკის თქმით, აუცილებელია მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთოს, როგორც უკრაინა, ასევე ევროპაც. მისი თქმით, სხვაგვარად შეუძლებელია მყარი გარანტიების შემუშავება, რომელიც შემდგომში მსოფლიო მშვიდობას უზრუნველყოფს.

"განვაგრძობთ მოლაპარაკებებს პარტნიორებთან. ახლა ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ მოლაპარაკებებში უკრაინაც და ევროპაც თანაბრად იქნება ჩართული. ევროპა, ამერიკა და ყველა ჩვენი პარტნიორი პუტინმა ვერასდროს უნდა მოატყუოს. რუსეთმა ვეღარ უნდა შეძლოს სხვა ერების განადგურება – ეს იქნება უკრაინა, ევროპა, სირია, ახლო აღმოსავლეთი თუ აფრიკა. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი დაკარგული სიცოცხლე, რაშიც ბრალი რუსეთს, რუსულ არმიას, მის სპეცსამსახურებს და დაქირავებულ მებრძოლებს მიუძღვის. მსოფლიოს სჭირდება გარანტიები და მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მხარს უჭერს ამ ძალისხმევას. ომის მესამე წლისთავზე, მნიშვნელოვანია, ყველა უკრაინელმა დაინახოს, რომ მსოფლიო ჩვენთან ერთად დგას, კვლავ ძლიერია და იცავს გაერო-ს წესდების ფუნდამენტურ მიზნებსა და პრინციპებს ერების სუვერენიტეტის, ყოველი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიოში ყველა ერის აგრესიისგან დაცვის შესახებ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინაში ომის დასრულებაზე კვლავ საუბრობს და ამბობს, რომ აქტიური კომუნიკაცია აქვს, როგორც ვლადიმერ პუტინთან, ასევე ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

დღის ამბები