ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასასრული ახლოსაა.
"ნამდვილად მჯერა, რომ ევროპაში მშვიდობის მიღწევის ზღვარზე ვართ, რადგან ოვალური კაბინეტიდან გვყავს ისეთი ხელმძღვანელობა, როგორიც ოთხი წლის განმავლობაში არ გვყოლია" - განაცხადა მან კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე.
"ტრამპი როდესაც მოლაპარაკებებზე მიდის, ამბობს, რომ ყველაფერი მოლაპარაკებების მაგიდასთანაა. რა თქმა უნდა, ეს ამერიკულ მედიაში აღშფოთებას იწვევს, რადგან ისინი კითხულობენ, რატომ ესაუბრებით რუსეთს? მაგრამ როგორ უნდა დაასრულოთ ომი რუსეთთან საუბრის გარეშე? რეალურად თუ გსურთ კონფლიქტის დასრულება, უნდა ისაუბროთ ყველასთან, ვინც მონაწილეობს ბრძოლაში. მე ვიცი, რომ პრეზიდენტი ამას აკეთებს. ტრამპი აღიარებს, რომ ბევრი საკითხი რთულია. ამ ყველაფრის მოგვარებას ჭკვიანი სახელმწიფო მოღვაწე დასჭირდება, მაგრამ ჩვენ ასეთი თეთრ სახლში გვყავს და ნამდვილად მჯერა, რომ ევროპაში მშვიდობის მიღწევის ზღვარზე ვართ - პირველად, სამი წლის განმავლობაში, რადგან ოვალური კაბინეტიდან გვყავს ისეთი ხელმძღვანელობა, როგორიც ამ ქვეყანაში ოთხი წლის განმავლობაში არ გვყოლია. ვფიქრობ, ერთ თვეში უფრო მეტი გავაკეთეთ, ვიდრე ბაიდენმა დაახლოებით ოთხ წელიწადში", - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.