"ევრობიუროკრატია გაერთიანდა საქართველოს წინააღმდეგ, რათა ეს ქვეყანა გახდეს მონაწილე იმ სისხლიანი პროცესების, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს", - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.
მისი თქმით, არის ქვეყნების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ გაერთიანდნენ.
"დასხდებიან ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ ფულს დახარჯავენ იმისათვის, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით, პროპაგანდით შეპყრობილი ადამიანების სექტა შექმნან. სამწუხაროა, რომ ამისთვის ყველაზე კარგი ობიექტი და სამიზნე არის ახალგაზრდობა. აქ არ არის ლაპარაკი კონკრეტულ პიროვნებაზე - კონკრეტული ქვეყნები: შვედეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ისლანდია, რომელთა საგარეო საქმეთა მინისტრებიც ვიხილეთ მიტინგებზე, ეს ყველა უნდა განვიხილოთ ერთ ჯგუფში, რომელსაც სახელად ჰქვია: შეთქმულთა გუნდი საქართველოს წინააღმდეგ", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ფრანგ კოლეგასთან ერთად გორში, "ხელოვნების სახლის მიმართ“ სოლიდარობის ნიშნად ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ ფოტოებში, შეხვედრის პარალელურად, ეკრანზე ჩანს ხელისუფლების მიმართ შეურაცხმყოფელი წარწერები და მოწოდებები. მმართველ გუნდში რადიკალიზმის წახალისებაზე საუბრობენ და აინტერესებთ, იზიარებენ თუ არა დიპლომატები მათ უკან არსებულ ციტატებს. საელჩოების მხრიდან, ამ ეტაპზე, დამატებითი განმარტებები არ გაკეთებულა.