27 აგვისტო 2026,   07:05
ვრცლად
მიხეილ ყაველაშვილი Radio Courtoisie-სთან ინტერვიუში: ქართველმა ხალხმა თავისი დიდი გონიერებით მხარი დაგვიჭირა იმ გზაზე, რომელიც ავირჩიეთ მშვიდობის დასაცავად - ისტორია ერთ დღეს აღიარებს, რომ ჩვენ ქვეყანა გადავარჩინეთ

"არსებულმა ხელისუფლებამ დიდი გამოცდილება შეიძინა იმისთვის, რომ ქართული იდენტობა, კულტურა და რწმენა წინ წამოეწია - გამოწვევებისა და შეურაცხყოფების მიუხედავად, არ გადავუხვიეთ ჩვენს გზას და არ უარვყავით ეს ღირებულებები", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ფრანგულ მედიასთან, Radio Courtoisie-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვა: როგორ გრძნობთ თავს საპრეზიდენტო სავარძელში?

ყაველაშვილი: როდესაც გავიგე, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატი ვიყავი, ამას არ ველოდი. დიახ, 9 წელია, რაც "ქართული ოცნების" და პარლამენტის წევრი ვარ. ორი წლის წინ, შევქმენით ჩვენი პარტია - "ხალხის ძალა". თუმცა, არჩევნებში "ქართულ ოცნებასთან" ერთად მივიღეთ მონაწილეობა და ამ წინადადების მოულოდნელობის გათვალისწინებით, ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი პარტიის ხელმძღვანელებთან და ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. ჩემი გუნდის მხარდაჭერამ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ამეღო. ეს პირადი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო ინსტიტუტისთვის, რომელიც უნდა დაბრუნდეს საკონსტიტუციო ჩარჩოში. ვწუხვარ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ დაარღვია წესრიგი, რომელიც ჩვენს საპარლამენტო რესპუბლიკას მართავს.

კითხვა: ვიმსჯელოთ მიმდინარე მოვლენებზე. ჩვენ გიცნობთ, როგორც საფეხბურთო ჩემპიონს, რომელსაც ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 46 მატჩი აქვს ჩატარებული და რომელიც "მანჩესტერ სიტიში" თამაშობდა.

ყაველაშვილი: ხანდახან, როდესაც პარლამენტში ჩემს ზოგიერთ ქმედებას განიხილავდნენ, მეკითხებოდნენ, რატომ ვაკეთებდი ამას და ვპასუხობდი – რადგან მე თავდამსხმელი ვარ და კვლავ ვრჩები თავდამსხმელად. ეს სათამაშო გამოცდილება და გუნდური სულისკვეთება უკიდურესად მნიშვნელოვანია. გამარჯვების იგივე სურვილი გამაჩნია და სწორედ შეტევასა და დაცვას შორის ბალანსის წყალობით ვიგებთ არჩევნებს.

კითხვა: აქციის მონაწილეები უსტვენენ და წითელ ბარათებს ატრიალებენ პარლამენტის წინ თქვენი არჩევის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. უკრაინული ტელევიზიის კლოუნის სამხედრო ლიდერად აღიარება შეიძლება, მაგრამ სპორტსმენი ვერ შეძლებს საქართველოს მართვას?

ყაველაშვილი: რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს, დიდ ყურადღებას არ ვაქცევ იმას, რასაც ისინი ამბობენ. ოპოზიცია მნიშვნელოვანია, როდესაც ის ჯანსაღია. თუმცა ჩვენს ქვეყანაში ოპოზიცია, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის პოლიტიკის წარმართვის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტი, ჯანსაღი არ არის.

კითხვა: დავუბრუნდეთ ამ ოპოზიციას, რომელსაც კარგი პრესა აქვს ევროპასა და საფრანგეთში. პარლამენტის წინ ათასობით მომიტინგე ახალ არჩევნებს ითხოვს. ამბობენ, რომ ქვეყანა ქაოსის ზღვარზეა. რას ფიქრობთ ამ მობილიზაციაზე თქვენი ხელისუფლების წინააღმდეგ?

ყაველაშვილი: ეს კითხვა მოითხოვს რამდენიმე პასუხს. მე მინდა ვფოკუსირდე ძირითად საკითხებზე: ობიექტური დამოკიდებულება რომ გვქონდეს, კითხვის ნიშნები არ უნდა იყოს. შვეიცარიაში ყოფნის დროს, შევნიშნე პარტიული დამოკიდებულება კომუნიკაციის პროფესიონალების მხრიდან სააკაშვილის ეპოქაში, როდესაც მედია გაშუქება ძალიან განსხვავდებოდა რეალობისგან. და სწორედ ეს მედია, პროფესიონალები არიან, რომლებიც ამჟამად ხელმძღვანელობენ პრესაში ინფორმაციის წარმოებას. მაგრამ რადგან წლები გავატარე ევროპაში, მინდა ვთქვა, რას წარმოადგენს ევროპა საქართველოსთვის. 3000-წლიანი ისტორიით და 1700-წლიანი ქრისტიანობით ჩვენ უძველესი ქვეყანა ვართ მდიდარი ისტორიით. ის, რაც გვაერთიანებს და გვამსგავსებს ევროპას, არის ქრისტიანული ღირებულებები. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო ევროპელებთან: ჩვენი ხასიათი, ჩვენი იდენტობა, ჩვენი ღირებულებები, მიუხედავად ჩვენი გეოგრაფიული დაშორებისა. ეს მსგავსებებია, რომლებიც ჩვენ გვიზიდავს ევროპისკენ. მაგრამ ვფიქრობთ, რომ ჩვენ პირველ რიგში ქართველები ვართ, შემდეგ კი - ევროპელები.

კითხვა: თქვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ საქართველო აღარ არის დემოკრატიული, რომ ის შორდება ევროპას და ხდება იზოლირებული სახელმწიფო…

ყაველაშვილი: მინდა დავასრულო ახსნა, თუ რატომ განვიხილავთ თავს ევროპული ოჯახის ნაწილად... ამას არაფერი აქვს საერთო ბიუროკრატებთან, რომლებიც დროთა განმავლობაში იცვლებიან. მე ვსაუბრობ ჩვენს ისტორიულ კავშირებზე და არსებულმა ხელისუფლებამ დიდი გამოცდილება შეიძინა იმისთვის, რომ ქართული იდენტობა, კულტურა და რწმენა წინ წამოეწია. და გამოწვევებისა და შეურაცხყოფების მიუხედავად, ჩვენ არ გადავუხვიეთ ჩვენს გზას და არ უარვყავით ეს ღირებულებები. ჩვენი პოზიცია გამოიხატება ჩვენს გზავნილებში: რა თქმა უნდა, არიან გულწრფელი ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ ამ გზაზე. პარადოქსულად შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ამ ევროპულ მისწრაფებას, ამავდროულად, ამომრჩეველთა უმრავლესობა მხარს უჭერს პარტია "ქართულ ოცნებას" და არა მხოლოდ ამ ბოლო საკანონმდებლო არჩევნების დროს. როგორ არის ეს შესაძლებელი? თუ "ქართული ოცნება" ანტიევროპულია, როგორ შეიძლება მას მხარი დაუჭიროს ქართველთა უმრავლესობამ? როგორ ირჩევენ მთავრობას, რომელიც ამ ევროპულ გზას უპირისპირდება? [ჩვენი ხალხის] სიბრძნემ არაერთხელ გადაარჩინა ქვეყანა. ისინი, ვინც სააკაშვილის მმართველობაზე, როგორც დემოკრატიის შუქურაზე საუბრობდნენ, იგივე ხალხია, ვინც მედიაში ავრცელებს აზრს, რომ საქართველოს ხელისუფლებას საქართველო დისიდენტური გზით მიჰყავს. აუცილებელია აღვნიშნოთ ისტორიით ჩამოყალიბებული ქართველი ამომრჩევლის სიბრძნე და გონიერება, თუ გავითვალისწინებთ ჩვენს ირგვლივ ყოველთვის არსებულ იმპერიებსა და ქვეყნის პოლიტიკურ ევოლუციას.

კითხვა: ვისაუბროთ გამჭვირვალობის კანონზე, რომელსაც ასევე უწოდებენ "რუსულ კანონს"...

ყაველაშვილი: მე კარგად ვიცნობ ამ საკითხს, რადგან ჩვენ დავიწყეთ ამ კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში. როდესაც ვსაუბრობ ჩემს გამოცდილებაზე ევროპაში, ვფიქრობ საწინააღმდეგო აზრის პატივისცემაზე, ადამიანის უფლებებსა და შემწყნარებლობაზე. ჩემი აზრით, იყო ევროპელი მოქალაქე ნიშნავს, შემეძლოს ინფორმაციის შედარება, რომელსაც რამდენიმე წყაროდან ვიღებ, რათა აზრი ჩამოვაყალიბო. როდესაც ეს კანონპროექტი დავაინიცირეთ, პარლამენტის წევრებმა შექმნეს მავნე გარემო მათი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების დახმარებით. და, სამწუხაროდ, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იყო ის, ვინც წამოიწყო ეს პროცესი, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხარო იყო, რადგან მე, როგორც პარლამენტის წევრს, არ შემიძლია კანონპროექტის ინიცირება ჩემს ქვეყანაში, მისი განხილვის გარეშე. ისინი მოუწოდებდნენ ახალგაზრდებს, არ წაეკითხათ ეს კანონპროექტი. ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად ყველა უნდა იყოს ინფორმირებული. რატომ ასეთი რეაქცია? იმიტომ, რომ ეს "რუსული" კანონი იყო. შემდეგ ეს მოსაზრება ["რუსულ" კანონზე] ერთხმად აიტაცეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიასაშუალებებმა.

კითხვა: ეს გვაიძულებს დავფიქრდეთ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩარევაზე საქართველოს შიდა საქმეებში. არის თუ არა აშშ პასუხისმგებელი ამ ახალგაზრდების აჯანყების ორგანიზებაში, ირაკლი კობახიძის ახალი მთავრობის დანიშვნის შემდეგ?

ყაველაშვილი: საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციების მცდელობებზე, გვერდი აევლოთ ამ კანონებისთვის. ჩვენ მზად ვიყავით მათი განხილვისთვის ყველასთან ერთად. ჩვენი აზრით, გამჭვირვალობის კანონი არ ეწინააღმდეგება ევროპულ კანონებს და ვაცხადებ ამას ადამიანის უფლებების, სამართლის, სახელმწიფოს და კონსტიტუციის პატივისცემის ცოდნით. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, მე არასოდეს მითქვამს, რომ ისინი ზურგს აქცევენ საქართველოს, ისევე, როგორც ევროპა, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს. პოლიტიკურ ჯგუფებს აქვთ საკუთარი ინტერესები განსაკუთრებით ევროკავშირის შიგნით. სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით იყო რეზოლუცია, რომელსაც 500 [ევრო] დეპუტატი აწერდა ხელს, რომლებიც ითხოვდნენ ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას და ამტკიცებდნენ, რომ მას პატიმრობის ცუდი პირობები ჰქონდა, მაშინ, როცა მისი რეალური მდგომარეობა არ იყო გადამოწმებული.

დღის ამბები