22 ივნისი 2026,   04:11
ვრცლად
378.8 მილიარდად შეფასებული ქონების მფლობელი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაში - სამხრეთ აფრიკაში დაბადებული ილონ მასკი, რომლის ინოვაციებმა ტექნოლოგიების საუკუნეში ბევრი რამ შეცვალა

ადამიანი მომავლიდან წარსულში ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო - სანამ კოსმოსში გაიჭრებოდა, მისი მიკროკოსმოსი სამხრეთ აფრიკის ქალაქი პრეტორიაა, სადაც დაიბადა და გაიზარდა. ნაკლებად კომუნიკაბელური, საკუთარ თავში ჩაკეტილი მთელ დროს კითხვას უთმობდა. აფრიკაში დაბადებული თეთრკანიანი ბავშვი სკოლაშიც არაერთხელ გამხდარა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.

10 წლის იყო მის ცხოვრებაში პირველი კომპიუტერი რომ გაჩნდა. ორ წელში ვიდეოთამაშის კოდიც დაწერა და 500 დოლარადაც გაყიდა.

სახელი მომავალ მილიარდერს დიდი ბაბუის ჯონ ილონ ჰალდემანის პატივსაცემად დაარქვეს, თუმცა როგორც ჩანს, ჰალდემანებისგან არა მხოლოდ სახელი, არამედ მემკვიდრეობით ავანტიურისტული ბუნებაც მიიღო.

ბევრიც იშრომა, რომ კანადაში გადასულს სამსახური მოეძებნა. თითქმის ყველა სფეროში სცადა ბედი. ხე-ტყის გადასამუშავებელ ქარხანაში რამდენიმე თვე იმუშავა, სულ რაღაც 18 დოლარად წმენდდა საქვაბეს გავარვარებული ნარჩენებისგან, სპეცტანსაცმელში გამოწყობილი.

პენსილვანიის უნივერსიტეტში ფიზიკისა და ეკონომიკის ხარისხი მოიპოვა. სწავლობდა სტენფორდის უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე, თუმცა სწავლის დაწყებიდან სულ რაღაც ორი დღის შემდეგ უნივერსიტეტი დატოვა და მუშაობა დაიწყო, პირველი კომპანია "ზიპო" ორ ძმასთან ერთად ნაქირავებ ოფისში დააარსა 1995 წელს. ამ დროს ილონ მასკი ერთ პატარა კომპიუტერში უკვე მსოფლიო კოდებს წერდა და კომპანიის ოფისში დივანზე ეძინა.

წარმატებას წლების შემდეგ მართლაც მიაღწევს. ეს უკვე მისი ყველაზე ცნობილი კომპანიის "სფეისიქსის" სამუშაო ოფისია. 6 წლის შემდეგ კი "ნასასთან" კონტრაქტი გააფორმა, რაც 12 რაკეტა მატარებლის წარმოებას და კოსმოსური ხომალდის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაშვებას გულისხმობდა. მიდგომები არც მაშინ შეცვალა, როცა მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ადამიანი გახდა, დღე და ღამ თავის თანამშრომლებთან ერთად 24-საათიანი მუშაობით.

მსოფლიოს შეცვლაზე მეოცნებე ადამიანი სანამ მილიარდერი გახდებოდა, დიდი გზა გაიარა. ეს გზა კი წარმატებულ ბიზნესამდე და მერე ბიზნესიდან პოლიტიკამდე მარტივი არ ყოფილა.

ექსცენტრიკული, არასტანდარტული და ერთი შეხედვით წარმოუდგენელი იდეები, რომელსაც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, მან რეალობად აქცია. 21-ე საუკუნის გენიოსის იდეებს შორის, ერთ-ერთი გლობალური დათბობის შემცირებაა, თუმცა იქამდე კოსმოსამდე მანძილი უკვე შეამცირა.

როცა რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, კოსმოსში გაშვებული ხომალდი უკან დაბრუნდა, რეაქციებიც შესაბამისი იყო. ეს კოსმოსური ოდისეა პირველია ისტორიაში, როცა ფრენა კერძო კომპანიამ განახორციელა. NASA-ს ასტრონავტებმა რობერტ ბენკენმა და დაგლას ჰერლიმ, ხომალდი ფლორიდის სანაპიროსთან დასვეს. მასკს სურს, რომ ამ სისტემამ ადამიანები დედამიწის ქვედა ორბიტაზე, მთვარესა და მარსზე წაიყვანოს, შემდეგ კი უკან დააბრუნოს.

კიდევ უფრო შორსაც გაიჭრა, ჰონგ-კონგის საინფორმაციო ფორუმზე ილონ მასკმა მორიგ დაუჯერებელ იდეაზე ისაუბრა და მოსახლეობას იმასაც დაჰპირდა, რომ სიცოცხლის გაგრძელებას დედამიწის გარდა სხვა პლანეტაზეც შეძლებენ. მას შემდეგ, რაც წითელ პლანეტაზე კოლონიზაციის პროცესი კიდევ უფრო აქტიურად დაიწყება. მარსის ტრანსფორმირება იქ ატმოსფეროს შეცვლა, მცენარეების დარგვა და წითელ პლანეტაზე ადამიანების დასახლება არც ისე შორეული გეგმებია.

2015 წელს SpaceX-მა დაიწყო Starlink-ის თანავარსკვლავედის განვითარებაც, რათა უზრუნველყოს თანამგზავრული ინტერნეტი. სანამ მარსამდე ხიდს გადებს და კოსმოსური ხომალდით გვამოგზაურებს, დედამიწელებს პირველი სრულად ელექტრონული მანქანა შეუქმნა.

მანქანა, რომელიც მიწაზე დადის და მალე შესაძლოა ფრენაც შეძლოს. ილონ მასკი ფიქრობს, რომ Tesla Roadster-ის გაუმჯობესებული, მეორე ვერსია ჰაერში იფრენს. სანამ დედამიწელები ჰაერში ვიფრენთ, კილომეტრიანი მეტროპოლიტენით ილოინ მასკის რეალობად ქცეულმა იდეამ მიწისქვეშეთში მანძილი უნდა შეამციროს და გადაადგილება უფრო სწრაფი გახადოს.

21-ე საუკუნე ხელოვნური ინტელექტის ეპოქაა და ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვაც ამ მიმართულებითაც ილონ მასკმა თქვა. 2015 წელს დააარსა არაკომერციული კომპანია "ოფენ ეი აი", რომელიც ხელოვნურ ინტელექტის განვითარებას ემსახურებოდა. მოგვიანებით ამ კომპანიამ შექმნა "ჩეთჯიპიტი", რომელსაც მსოფლიოში ათასობით ადამიანი იყენებს.

დააარსა ნეიროტექნოლოგიური კომპანია "ნიურალინგიც". კომპანიაში მუშაობენ ადამიანის ტვინის ინტეგრირებაზე ხელოვნურ ინტელექტთან (AI) ტვინში ჩადგმული მოწყობილობების შექმნით. ასეთ ტექნოლოგიას შეუძლია გააძლიეროს ადამიანების მეხსიერება.

ილონ მასკმა შექმნა ჰუმანოიდი რობოტებიც. ისინი, ვინც მომავალში ჩვენი საქმიანობა უნდა გადაიბარონ და ცხოვრება კიდევ უფრო გაგვიმარტივონ. ილონ მასკმა 2022 წელს "ტვიტერი" 44 მილიარდ დოლარად შეიძინა, სახელად X დაარქვა და გამოხატვის თავისუფლების პირობაც დადო. მის ალგორითმულ სისტემას მასკი საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გასავრცელებლად იყენებს.

მასკის საერთაშორისო პოლიტიკური ქმედებები და კომენტარები ხშირად ექცევა ყურადღებისა და კრიტიკის ქვეშ, განსაკუთრებით საფრანგეთის, გერმანიის, ნორვეგიის, ესპანეთისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებისა და ლიდერების მხრიდან, აშშ-ს მთავრობაში მისი პოზიციის გამო. ღიად მხარს უჭერს გერმანიაში ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას.

მას უწოდებენ ექსცენტრიკოსს, რომელიც იღებს სპონტანურ და გავლენიან გადაწყვეტილებებს, ასევე ხშირად აკეთებს საკამათო განცხადებებს, განსხვავებით სხვა მილიარდერებისგან, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ თავშეკავებას საკუთარი ბიზნესის დასაცავად.

სკანდალურ პოლიტიკოსად ბიზნესმენის ტრანსფორმაცია კორონავირუსის პერიოდში დაიწყო. მასკი მხარს უჭერდა ბარაკ ობამას 2008 და 2012 წლებში, ჰილარი კლინტონს 2016 წელს, ჯო ბაიდენს 2020 წელს და დონალდ ტრამპს 2024 წელს.

ტრამპის ინაუგურაციაზე ილონ მასკის მისალმებამ მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ამ რეაქციით შეხვდა ახალი პრეზიდენტის გადაწყვეტილებასაც, რომ ამერიკის დროშა მარსზე აქვს ჩასატანი. ტრამპის გამარჯვების შემდეგ მისი ქონება 50 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

ამერიკულ პოლიტიკაში დღეს ის გამორჩეულ და გავლენიან ფიგურად რჩება. ხელმძღვანელობს ამერიკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს. ტრამპთან ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე შვილიც მიიყვანა. სანამ მამა ქვეყნის საქმეებს განიხილავდა ბავშვი უცნაური სახელით, ექსი ეშ ეი-12 სიმბოლოებით, რომელიც თანამედროვე ინგლისურ ანბანში არ არის, ოვალურ კაბინეტში თამაშობდა და თან ერთობოდა.

ილონ მასკს 12 შვილი ჰყავს. 2022 წელს მისმა ვაჟმა ქსავიე მასკმა სქესი შეიცვალა. მასკის ბიოგრაფის, უოლტერ აიზეკსონის ცნობით, სწორედ ამ ფაქტმა დააჩქარა, ილონ მასკი მემარცხენე ლიბერალიზმის იდეებთან მებრძოლად გადაქცეულიყო.

ილონ მასკს ხშირად ნამდვილ ტონი სტარკს უწოდებენ და ის "მარველის" კომიქსების ლეგენდარულ გმირს მართლაც ბევრი რამით წააგავს. თუმცა, მისგან განსხვავებით მილიარდერად არ დაბადებულა, მილიარდერი გახდა. მისი ქონება 2025 წლის 8 თებერვლისთვის 402 მილიარდი აშშ დოლარია. გამოჩნდა კინოეკრანებზეც, წერს ელექტრონულ მუსიკას.

მისი ცხოვრებაც ფილმის სცენარს ჰგავს, პლანეტის შეცვლაზე მეოცნებე კაცის, რომელმაც ელექტრო მანქანების და ჰიპერლუპის მეშვეობით ტრანსპორტზე ჩვენი შეხედულება შეცვალა და დაგვანახა, როგორ ვიცხოვრებთ ხელოვნური ინტელექტისა და მარსის კოლონიზაციის დახმარებით.

დღის ამბები