"როდესაც, ერთი მხრივ, ვხედავთ იმ ადამიანებს "ევროპის დემოკრატიის ფონდის" მმართველ ბორდში რომლებიც, ამავე დროს, არიან ამ რეზოლუციის ინიციატორები და მხარდამჭერები, ლოგიკურად ჩნდება კითხვა, - რამე სუბიექტური ინტერესი ხომ არ აქვთ და კარგი იქნება, თუ ისინი გააკეთებენ ამ განმარტებას," - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მახაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ გასაჯაროვდება "ევროპის დემოკრატიის ფონდის" აქტივობები, რომელიც, მისი შეფასებით, სრულიად გაუმჭვირვალეა.
"ასევე, კარგი იქნება, თუ გაასაჯაროებენ ევროპის დემოკრატიის ფონდის აქტივობებს, რომელიც სრულიად გაუმჭვირვალეა საქართველოში და რომელიც, როგორც ჩანს, პირდაპირ ხმარდება საქართველოში რადიკალიზაციის პროცესებს. ამიტომ, ის ორმაგი სტანდარტი: ერთის მხრივ, თითქოს გულწრფელი ვაი-ვიში, რომ საქართველოში რაღაც ხდება და თურმე როგორ განიცდიან ამას, მეორეს მხრივ, თავად რომ აფინანსებენ ამ ტიპის რადიკალიზაციის აქტივობებს, მინიმუმ, მიუღებელია ჩვენთვის.
ამ რეზოლუციაში არაერთი სახელი ვნახეთ და ეს არის პირდაპირი იერიში ამ ადამიანებზე, რომლებიც ემსახურებიან სიმართლეს. სწორედ ამიტომაა, რომ გაილაშქრეს იმ კონკრეტულ ადამიანებზე, მედიაორგანიზაციებზე, რომლებიც მათ იდეოლოგიას არ ემსახურება და პირიქით - ამხელს სიცრუესა და დეზინფორმაციაში," - აცხადებს ლევან მახაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიღებულ რიგით მე-6 რეზოლუციაში ჩაიწერა მედიის მფლობელთა სანქცირების მოთხოვნაც. რეზოლუციის ამ ნაწილის ინიციატორი დევიდ მაკალისტერია, რომელიც "დემოკრატიის ევროპულ ფონდს" ხელმძღვანელობს.