"2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო კვლავ მოწინავეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ამ მიმართულებით, საქართველოს ძალიან ამბიციური გეგმები აქვს," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე Facebook-ზე წერს.
მდინარაძის განცხადებით, საქართველო ძალიან მალე კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისითა და შესაბამისი შედეგებით არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში იქნება.
"ჩვენ ვაპირებთ, რომ ამით არ დავკმაყოფილდეთ და ძალიან მალე კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისითა და შესაბამისი შედეგებით არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში აღმოვჩნდეთ.
ქვეყნის შიგნით კი იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვთ გათვითცნობიერებული ეს მიზნები და ხელი წაუცდებათ ხოლმე კორუფციაზე, ვის გამოც ჯერ კიდევ არ გვაქვს უმაღლესი შეფასებები, ვურჩევ(!), დაიჯერონ საკუთარი ხელისუფლების რეალური, ამბიციური და ამავე დროს, ქვეყნისთვის მეტად სასარგებლო განზრახვის შესახებ!" - წერს მამუკა მდინარაძე.
ცნობისთვის, "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" "კორუფციის აღქმის ინდექსი 2024" გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში. შეფასების 100%-იანი სისტემით, საქართველომ კვლავინდებურად 53%-ი მიიღო და მსოფლიო მასშტაბით 180 ქვეყანას შორის 53-ე ადგილი დაიკავა. საქართველო უპირობო ლიდერია კავკასიასა და შავიზღვისპირეთში.
2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველო რეიტინგში უთანაბრდება პოლონეთს და უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 11 ქვეყანას: საბერძნეთს, სლოვაკეთს, ხორვატიას, მალტას, მონტენეგროს, რუმინეთს, ბულგარეთს, ალბანეთს, უნგრეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, თურქეთს.