27 აგვისტო 2026,   18:38
ვრცლად
გახარიას გუნდის საპარლამენტო მანდატები ოპოზიციაში დაპირისპირების მიზეზი გახდა - "ქართულ ოცნებაში" გარე ძალების დავალებით მოქმედებაზე საუბრობენ

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას გუნდის გადაწყვეტილებას აფასებს. ოპოზიციაში მორიგი დაპირისპირების მიზეზი, ამჯერად პარტია "საქართველოსთვის" საპარლამენტო მანდატები გახდა. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ გახარიას გუნდმა, უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით, პარლამენტს რაც შეიძლება მალე უნდა მიმართოს. ამბობენ იმასაც, რომ ამ პარტიის პოზიცია ოპოზიციაში ერთობას ხელს უშლის.

ბრალდებების საპასუხოდ, გახარიას გუნდში განმარტავენ, რომ ისინი საკუთარი სტრატეგიის მიხედვით მოქმედებენ და მათი პარტიის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერც ერთი მხარე მოახდენს.

ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება მმართველი გუნდისთვის ახალი არ არის. უმრავლესობაში დარწმუნებულები არიან, რომ მათი ოპონენტები გარე ძალების დავალებით მოქმედებენ, გახარიას გუნდს კი საკანონმდებლო ორგანოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, მოთხოვნის მყისიერად დაკმაყოფილებას ჰპირდებიან.

ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების შეკითხვას დღეს პრემიერ-მინისტრმა უპასუხა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გახარიას პარლამენტში შესვლა-არშესვლით ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება. პრემიერის განცხადებით, პარტია საქართველოსთვის დაფინანსებას და საპარლამენტო თანამდებობას ვერ ელევა.

მე-11 მოწვევის პარლამენტი ახლა ოფიციალურად 101 წევრისგან შედგება. შეიცვლება თუ არა მოცემულობა - ეს გახარიას გუნდის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

დღის ამბები