მმართველი გუნდი ახალი საკანონმდებლო პაკეტის მისაღებად ემზადება - ამერიკული ფარა და BBC-ის სტანდარტით ცნობილი ბრიტანული მედიის რეგულირების შესახებ კანონი.
"ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში დეზინფორმაციის პრევენციის ქმედითი მექანიზმი არსებობდეს. ამ მხრივ კი აპრობირებული ბრიტანეთში მოქმედი კანონმდებლობაა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ბოლო დროს USAID-ის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა უცხოური გავლენებისგან დაცვის აუცილებლობა კიდევ უფრო აქტუალური გახადა. ფარას ზუსტი ანალოგის საქართველოში მიღება და ამერიკული გამოცდილების გაზიარება კი ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, ყველაზე ეფექტური იქნება. ამერიკული ფარას ზუსტი ასლი საქართველოში მიღებიდან, ავტომატურად გაუქმდება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი.
"ამერიკული "ფარა" არის ყველაზე კარგი კანონმდებლობა, რომელიც არსებობს მსოფლიოში და რომელიც იცავს სახელმწიფოს გარე ჩარევებისგან. წარმოიდგინეთ, ნომერ პირველ სახელმწიფოს რა ტიპის საფრთხეები აქვს, რომ ასეთი კანონმდებლობა აქვს. ჩვენ არ ვაპირებთ ამ თემაზე დისკუსიას, ვაპირებთ, რომ ვთარგმნოთ ეს კანონი და მივიღოთ. თუ ისინი თვლიან, რომ "ფარა" უზრუნველყოფს დიქტატურას, მაშინ ეს საკითხები ამერიკის საელჩოსთან გაიარონ - თუ რატომ აქვს ასეთ ძლიერ სახელმწიფოს ასეთი ტიპის კანონმდებლობა და რატომ არის თურმე ამერიკაში დიქტატურა. იგივე ეხება ბრიტანულ კანონმდებლობას, მედიასთან მიმართებაში - ეს არის ყველაზე დახვეწილი, მაღალი სტანდარტის მექანიზმი, თუ როგორ უნდა მუშაობდეს მედია. ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვაპირებთ, ვთარგმნოთ და მივიღოთ ეს კანონი. თუ მედია შეზღუდულია ბრიტანეთში, ესეც შეუძლიათ ბრიტანეთის საელჩოსთან გააპროტესტონ. ჩვენ ვაპირებთ ამერიკული და ბრიტანული კანონის მიღებას იმისათვის, რომ ერთი მხრივ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა საგარეო ჩარევებისგან და მეორე მხრივ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები დეზინფორმაციისგან და ტყუილისგან,"- აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო ბოჟაძე.