მმართველი გუნდი თბილისში, შეერთებული შტატების წარმომადგენლობაში, ე.წ. დიფ სთეითის კვლავ შემორჩენილ გავლენაზე საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ ამოცანად სწორედ "დიფ სთეითთან" ბრძოლას ასახელებს, "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ბიუროკრატიის ქვედა რგოლში გავლენების შემცირება არ შეინიშნება.
უმრავლესობის ლიდერმა დღეს ისიც განმარტა, რომ, მათი ინფორმაციით, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო პროცესები სწორედ საელჩოსთან კოორდინირებით იგეგმება. სახელისუფლებო გუნდში იმედი აქვთ, რომ უახლოეს მომავალში მიდგომები შეიცვლება, რაც ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს კვლავ პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნებს.
"ქართული ოცნების" პრეტენზიებს შტატების საელჩოსთან ალოგიკურს უწოდებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ ამერიკის წარმომადგენლობა თბილისში ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინირებულად მოქმედებს.
ოპოზიციის მხრიდან ამერიკის საელჩოს თბილისის ოფისის დაცვა არ უკვირთ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების აზრით, ოპოზიციასა და საელჩოს პოლიტიკური ანგარიშვალდებულება იდენტური ძალების მიმართ აქვთ აღებული, რომელთა მიზანიც ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და მეორე ფრონტის გახსნაა. პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის დროული ინფორმირება თბილისში ე.წ. გლობალური ომის პარტიის გავლენებს საგრძნობლად შეასუსტებს.
თეთრი სახლი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 20 იანვარს ჩაიბარა. 4-ე პრეზიდენტი ბიუროკრატიაში არსებულ ე.წ. შავ ხვრელებს და "დიფ სთეითს" მოსვლის დღიდან განადგურებით ემუქრება. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით, ამერიკის საელჩო საქართველოში ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკას, ჯერჯერობით, არ იზიარებს.