ამერიკაში მომხდარ ავიაკატასტროფას, სავარაუდოდ, ყველა მგზავრი ემსხვერპლა. სამძებრო სამაშველო ოპერაცია გრძელდება, თუმცა გადარჩენილების პოვნის იმედი აღარ არის. გავიდა 30 საათზე მეტი. მაშველებმა, ამ ეტაპზე, მხოლოდ 40 ცხედარი იპოვეს. ორივე ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა. ამოღებულია "შავი ყუთები".
მომხდარს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა დონალდ ტრამპი. ამერიკის პრეზიდენტი მიზეზად დემოკრატების ე.წ. მრავალფეროვნების პოლიტიკას ასახელებს და ამბობს, რომ პერსონალის კვალიფიკაცია მეორე პლანზე რჩებოდა.
"პირველი ლედის, ჩემი და 340 მილიონი ამერიკელი სახელით, ჩვენი გულები გატეხილია და თქვენ გვერდით ვართ, თქვენთვის ვლოცულობთ. ჩვენ მხოლოდ უმაღლესი სტანდარტები უნდა გვქონდეს მათთვის, ვინც ჩვენს საავიაციო სისტემაში მუშაობს. მე ობამას სტანდარტები შევცვალე. ამის შემდეგ კი, როდესაც თანამდებობა დავტოვე და ბაიდენი მოვიდა, მან ისინი შეცვალა. მათი პოლიტიკა საშინელი იყო და მათი პოლიტიკოსები კი - კიდევ უფრო უარესი. ეს საშინელი მოვლენა იმ სადავო და, შესაძლოა, უკანონო გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლებიც ობამასა და ბაიდენის ადმინისტრაციების დროს იქნა მიღებული. ამ გადაწყვეტილებებმა სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოში მინიმალურ დონეზე დაიყვანა დამსახურებებისა და კომპეტენტურობის როლი. ობამას ადმინისტრაციამ ბიოგრაფიული ანკეტა იმისთვის შექმნა, რომ ობიექტური უნარებიდან ფოკუსი შეეცვალა", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.