26 აგვისტო 2026,   09:14
ვრცლად
"აშშ გადახედავს იმას, თუ სად და როგორ ხარჯავს ვაშინგტონი ფულს... ხარჯვის პრიორიტეტი შეიძლება სხვანაირი ჰქონდეს ტრამპის ადმინისტრაციას" - გიორგი რუხაძე

როგორ აისახება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება საგარეო დახმარების შეჩერების შესახებ საქართველოზე, სადაც USAID-ი არაერთ ორგანიზაციას აფინანსებს - ამასთან დაკავშირებით მოსაზრებები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციაში გამოთქვეს.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, გიორგი რუხაძე მიიჩნევს, რომ დაფინანსების შეჩერება ახალი ადმინისტრაციის მხრიდან პრიორიტეტების განსაზღვრისთვის გაკეთდა, ხოლო გარკვეული მიმართულებებით პროექტების დაფინანსება 90-იანი ვადის გასვლის შემდეგ აღდგება.

"აშშ გადახედავს იმას, თუ სად და როგორ ხარჯავს ვაშინგტონი ფულს - ეს არის, მეტი არაფერი. შესაბამისად, 90 დღის შემდეგ რაღაც დაფინანსება რაღაცა მიმართულებებით დაბრუნდება, თუ საქართველოზე ვლაპარაკობთ, არადა, ეს მარტო საქართველოს არ ეხება - ეს მთელ სამყაროს ეხება. აქედან გამომდინარე, ხარჯვის პრიორიტეტი შეიძლება სხვანაირი ჰქონდეს ტრამპის ადმინისტრაციას," - აცხადებს გიორგი რუხაძე.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის პოლიტიკას არ ცვლის.

"საქართველოსთან მიმართებით, აშშ-ის პოლიტიკას ეს არაფრით არ ცვლის. მე ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება მეტი დახმარება გაუწიოს აშშ-მ შემდგომ თვეებში ცივილიზებულ სამყაროს, რადგან ამერიკის ყოფნა საგარეო პოლიტიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე დარწმუნებული ვარ, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი განიხილავს დაფინანსების საკითხს, ისინი ყველა კრიტიკულ პროექტს შეუწყობენ ხელს მსოფლიო მასშტაბით," - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

შეგახსენებთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ის ხელმძღვანელობის დიდი ნაწილი გაათავისუფლა. "ვაშინგტონ პოსტი" წერს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს უფროსი თანამშრომლები შვებულებაში წავიდნენ ტრამპის ბრძანების საფუძველზე, რომელიც საგარეო დახმარებას დროებით აჩერებს; ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა სააგენტო პრეზიდენტის გადაწყვეტილების გვერდის ავლაში დაადანაშაულეს.

ტრამპი დიდი ხანია ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო დახმარებას აკრიტიკებს. ახალი პრეზიდენტის წინა კვირას გამოცემული განკარგულებით, 90 დღის განმავლობაში ჩერდება აშშ-ის საგარეო დახმარების დიდი ნაწილი, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი გასცემდა.

დღის ამბები