"მათივე განცხადებაში მკაფიოდ არის გამოკვეთილი, რომ ეს ყველაფერი არის მიბმული სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ ძირითად აქცენტს ისევ აკეთებენ ანტი ლგბტ პროპაგანდის კანონზე და გამჭვირვალობის კანონზე", - პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილებას ეხმაურება.
მისი თქმით, საინტერესოა, რა კომენტარს გააკეთებს მაგალითად ევროკავშირი ტრამპის პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელმაც გაცილებით მკაცრი მიდგომები გამოავლინა.
"მათივე განცხადებაში მკაფიოდ არის გამოკვეთილი, რომ ეს ყველაფერი არის მიბმული სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ ძირითად აქცენტს ისევ აკეთებენ ანტი ლგბტ პროპაგანდის კანონზე და გამჭვირვალობის კანონზე. ანტი ლგბტ პროპაგანდა კანონთან დაკავშირებით, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დაკვეთაა ეს. საინტერესოა, თუ რა კომენტარს გააკეთებს მაგალითად ევროკავშირი ტრამპის პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია ლგბტ პროპაგანდასთან, რომელიც გაცილებით მკაცრია, ვიდრე ჩვენი მიდგომა. ასევე, ძალიან საინტერესოა, გამჭვირვალობა რატომ არის არა ევროპული, როდესაც ჩვენ ყველაზე მარტივი კანონით, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს, ჩვენი არის ყველაზე მსუბუქი. კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენენ. ძალიან საინტერესოა, ბატონ ტრამპთან მიმართებაში რა განცხადებას გააკეთებენ, როდესაც მან 90 დღით შეაჩერა აბსოლუტურად ყველა დაფინანსება, რომელსაც ამერიკის მთავრობა ხარჯავდა ენჯეოების მიმართულებით, იმისათვის, რომ ჯერ შეისწავლონ ამ ენჯეოების მუშაობის ეფექტურობა", - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
ცნობისთვის, საბჭოს ოფიციალურ რელიზში წერია, რომ ეს გადაწყვეტილება არის პასუხი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონისა და "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტის მიღებაზე.