"მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორებს ეყოფათ ღირსება და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ", - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ლადო ბოჟაძემ განაცხადა, რითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მმართველი გუნდის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს გამოეხმაურა.
"ოპოზიცია აგრძელებს საქართველოს მტრობას. მათთვის არ არსებობს არაფერი წმინდა, არაფერი ღირებული, არც სახელმწიფოს ინტერესები.
მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორებს ეყოფათ ღირსება და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ კონკრეტული პოლიტიკური ძალებისგან, იგივე, "ევროპის სახალხო პარტიისგან", ბრიუსელის სხვადასხვა ჩინოვნიკებიდან აქვთ პირდაპირი დავალება, რომ დასაჯონ ჩვენი ქვეყანა, დასაჯონ ჩვენი დელეგაცია," - აღნიშნა ლადო ბოჟაძემ.
შეუჩერდება თუ არა "ქართული ოცნების" დელეგაციას უფლებამოსილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში - ქართული ოპოზიციის მოთხოვნაზე, რომელიც დღის წესრიგში EPP-ის წარმომადგენელმა დააყენა, გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი. საკითხზე დღეს მონიტორინგის კომიტეტი იმსჯელებს, ხვალ კი, საპარლამენტო ასამბლეა კენჭისყრას გამართავს.