30 აგვისტო 2026,   03:26
ვრცლად
ბრძოლა ოჯახური და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ - თავშესაფრები და კრიზისული ცენტრები ქვეყნის არაერთ ქალაქში ფუნქციონირებს

ახალგაზრდა ქალმა, ერთი შეხედვით, მისთვის შეუძლებელი შესაძლებლად აქცია და მოძალადე მეუღლეს თავი დააღწია. მრავალშვილიან დედას ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდის გახსენება უჭირს, თუმცა სხვა ქალების დასახმარებლად და მათთვის მოტივაციის მისაცემად, "კურიერს" თავის ისტორიას უყვება. ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი მისი შვილებიც აღმოჩნდნენ, რამაც საბოლოოდ დაარწმუნა, რომ აღარ უნდა გაჩუმებულიყო და შესაბამისი უწყებებისთვის მიემართა. ახლა, 34 წლის ასაკში, ის უკვე სტუდენტია და ცხოვრებას შვილებთან ერთად ახლიდან იწყებს.

თავშესაფრები და კრიზისული ცენტრები ძალადობის მსხვერპლთათვის სხვადასხვა ქალაქში ფუნქციონირებს. ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომია ფსიქოლოგიური, სოციალური, სამედიცინო და სამართლებრივი დახმარება. თავშესაფრები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. თბილისში ასევე მოქმედებს ინტეგრირებული მომსახურების ცენტრიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის. სერვისის მისაღებად, აღარ არის აუცილებელი, ბენეფიციარს ჰქონდეს მსხვერპლის სტატუსი.

ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის საინფორმაციო კამპანიას ჯანდაცვის სამინისტრო და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებენ. მიზანი ქალთა უფლებების დაცვა და მათთვის საჭირო სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა. უწყებაში აცხადებენ, რომ სახელმწიფოსთვის ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მთავარი პრიორიტეტია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული და საპასუხო ზომები მნიშვნელოვნად გაძლიერდა, რაც შემთხვევებზე პოლიციის ეფექტურ რეაგირებას უზრუნველყოფს. უწყებაში ამბობენ იმასაც, რომ მოძალადეთა კონტროლისთვის არაერთი მექანიზმი აქვთ შემუშავებული.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს ფარგლებში მოქმედ თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრებში, ძალადობის მსხვერპლ ბენეფიციარებს საჭირო სერვისების მიღება უსასყიდლოდ შეუძლიათ.

დღის ამბები