22 ივნისი 2026,   08:30
ვრცლად
მასშტაბური დეპორტაცია და საგარეო დაფინანსებების შეჩერება - ტრამპი დაანონსებულ "ოქროს ხანას" მკაცრი ნაბიჯებით იწყებს

დონალდ ტრამპი დაპირებების სისრულეში მოყვანას იწყებს. შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის მიერ გაცემული ბრძანების შემდეგ, ამერიკას მიგრანტები უკვე ტოვებენ.

ასობით არალეგალი, რომელიც ქვეყანაში მექსიკის გავლით შევიდა, დეპორტაციას უკვე დაექვემდებარა. სამართალდამცველების ჩართულობით, მიგრანტების ნაწილს შტატებიდან წასვლა მოუწიათ.

ტრამპის გაცხადებული გზავნილია, რომ მისი პოლიტიკის ქვაკუთხედი ამერიკის მოქალაქეების ინტერესების დაცვაა. 47-ე პრეზიდენტი, წინასაარჩევნო პერიოდშიც და ახლაც, ყურადღებას გადასახადის გადამხდელების ფულზე ამახვილებს. სწორედ ტრამპის მიერ გაცემული ბრძანების შემდეგ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საგარეო დახმარების დაფინანსების გაცემა 90 დღით შეწყდა. ორგანიზაცია, რომელიც ამ წესს უკვე დაექვემდებარება, საქართველოსთვის კარგად ნაცნობი USAID-ია, რომელმაც საქმიანობა უკრაინაშიც უნდა შეაჩეროს.

კიდევ ერთი ბრძანება, რომელსაც ხელი დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის დღესვე მოაწერა, "დიფ სთეითის" ნგრევას ეხება. როგორც ჩანს, მამის ამ პოზიციას იზიარებს მისი ვაჟიც. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით ეროვნული დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე, ტულსი გაბალდის დანიშვნას რესპუბლიკელები მხარს არ დაუჭერენ, ტრამპი უმცროსი ეხმიანება.

ახალი ადმინისტრაციისთვის რომ ამერიკელი ხალხის ინტერესების დაცვა უპირველესი იქნება, ამაზე საუბრობს ვიცე-პრეზიდენტიც. როგორც ჯეი დი ვენსი აცხადებს, ეროვნული წარმატება მხოლოდ შიდა პროდუქტის მოცულობითა და საფონდო ბაზრებზე მიღწეული წარმატებით არ უნდა განისაზღვროს - ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტი დემოგრაფიის პრობლემის მოგვარება უნდა გახდეს.

ტრამპი იწყებს იმ იდეის განხორციელებასაც, რომელიც ამომრჩეველს რამდენიმე თვის წინ გაანდო. ამერიკის ახლად არჩეულ პრეზიდენტსა და დანიის პრემიერს შორის უკვე შედგა სატელეფონო კომუნიკაცია გრენლანდიის დაბრუნების საკითხზე. ამერიკის პრეზიდენტმა პასუხად მიიღო, რომ გრენლანდია არ იყიდება.

პარალელურად, ტრამპი კანადის შემოერთებაზეც აქტიურად საუბრობს - ფიქრობს, რომ კანადელები უკეთ იცხოვრებდნენ ქვეყანა ამერიკის ერთ-ერთი შტატი რომ იყოს. 47-ე პრეზიდენტს არც დიდ ბრიტანეთთან ვაჭრობის საკითხი გამორჩენია და მას ცუდი მენეჯმენტის მაგალითს უწოდებს.

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტად რჩება ქვეყნის თავდაცვის საკითხიც. ჯეი დი ვენსის ერთი ხმით დღეს თავდაცვის მდივნის პოზიცია დაიკავა სამხედრო ვეტერანმა და "ფოქს ნიუსის" ყოფილმა ჟურნალისტმა პიტ ჰექსეთმა – რომელიც თავად დონალდ ტრამპის რჩეულია.

უკვე 6 დღეა, ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი ადმინისტრაცია დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით მართავს. რევოლუციური ცვლილებებისა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის პირობით, მეორედ გაპრეზიდენტებულმა ტრამპმა ხისტი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიწყო.

 

 

დღის ამბები