თბილისის მერმა, კახა კალაძემ დონალდ ტრამპის ინტერვიუ შეაფასა, სადაც ტრამპმა თქვა, რომ ზელენსკის ომი არ უნდა დაეშვა. კალაძის თქმით, პოლიტიკოსმა ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს და ისე უნდა იმოქმედოს, რომ ქვეყანას ასეთი უბედურება ააცილოს.
მისი თქმით, კომპრომისზე წასვლა და უკან დახევა პოლიტიკაში ჩვეულებრივი მოვლენაა და ეს იმისთვის არის საჭირო, რომ შემდეგში წინ წახვიდე.
"ის, რაც უკრაინაში მოხდა და ხდება, არ მგონია, რომ უკრაინელი ხალხის ინტერესში შედიოდეს. მტერს არ ვუსურვებ იმ უბედურებას, რომელიც უკრაინაში მოხდა. უამრავი, ასი ათასობით დაღუპული ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, დანგრეული, განადგურებული ქალაქები, სოფლები, ინფრასტრუქტურა და ლტოლვილად ქცეული მოსახლეობა - ამაზე მძიმე და დიდი უბედურება რა უნდა იყოს"?.. შენ პოლიტიკოსი იმიტომ ხარ, რომ მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები და იმოქმედო ისე, რომ ქვეყანას ასეთი უბედურება ააცილო. შეიძლება, დღეს მოგიწიოს ერთი ნაბიჯის უკან გადადგმა, კომპრომისზე წასვლა, მაგრამ ხვალ-ზეგ ორი ნაბიჯი გადადგა წინ. ეს არის პოლიტიკა", - განაცხადა კახა კალაძემ.