27 აგვისტო 2026,   07:06
ვრცლად
"მთავარი მოლოდინი, რომელიც მაქვს, არის ის, რომ რუსეთს სტრატეგიული გამარჯვება არ ექნება, რაც სახეზეა" - თეონა აქუბარდია ტრამპის განცხადებაზე

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა ტრამპის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ზელენსკის ომი არ უნდა დაეშვა. ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას ეს არ უნდა გაეკეთებინა, რადგან შეეძლო შეთანხმების მიღწევა.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების მოვალეობა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების დაცვაა, რის გამოც გარკვეული კომპრომისებიც საჭიროა. შეფასებები კეთდება ოპოზიციურ სპექტრშიც.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, მას აქვს მოლოდინი, რომ რუსეთს სტრატეგიული გამარჯვება არ ექნება, რაც სახეზეა, მათ შორის, ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში წევრობით.

"ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, ტრამპის განაცხადი უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით და მეორე არის ის ტაქტიკა, რომელიც მან აირჩია ორივე მხარის ირიბი გაკიცხვით იმისთვის, რომ გარკვეული შეთანხმება შედგეს. თუმცა, არა სუვერენიტეტისა და არა დასავლეთის დამარცხების ხარჯზე. მთავარი მოლოდინი რაც მაქვს არის ის, რომ რუსეთს სტრატეგიული გამარჯვება არ ექნება, რაც სახეზეა, მათ შორის, ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში წევრობით. ასევე, იმ სტრატეგიული ამოცანების მიუღწევლობით, უკრაინის და ზოგადად ევროპული ცივილიზაციის წინააღმდეგ. რაზე წავა პუტინი და რაზე არ წავა, ამაზე მიანიშნებს ტრამპის მინიშნებები, რომლებიც რუსეთის მძიმე დანაკარგებს უკავშირდება", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ტრამპმა რამდენჯერმე პირდაპირ თქვა, რომ ეს ძალადობრივი ომი, რომელიც წამოიწყო პუტინმა, აუცილებლად უნდა გაჩერდეს.

"უკრაინამ დათმო ყირიმი, ლუგანსკი, დონბასი და ბოლოს მიდიოდნენ კიევში. რა ვიცი, სადმე ხომ უნდა გაჩერებულიყვნენ. რუსის ტანკი კიევში რომ არ გაჩერებულიყო, დღეს თბილისშიც რუსები იქნებოდნენ. ტრამპმა რამდენჯერმე პირდაპირ თქვა, რომ ეს ძალადობრივი ომი, რომელიც წამოიწყო პუტინმა, აუცილებლად უნდა გაჩერდეს", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

დღის ამბები