ევროპარლამენტარების მხრიდან მმართველი გუნდის კრიტიკა ოპოზიციის ნაწილმა შეაფასა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ამ დებატებმა საზოგადოებას "ქართული ოცნების" არალეგიტიმურობა კიდევ ერთხელ დაანახა. მისივე თქმით, დებატებისას ხაზი გაესვა, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია.
"ევროპარლამენტში წარმოებულმა დებატებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა სრულიად საზოგადოებას, რომ "ქართული ოცნება" არის არალეგიტიმური. ხაზია გასმული იმაზე, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და ის ისჯება საზოგადოების, ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულის გამო. მჯერა, რომ მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში ვითარება ძალიან მალე შეიცვლება და ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხიც თავისუფალი იქნება და, ასევე, თავისუფალი იქნება პრეზიდენტი სააკაშვილი," - აცხადებს გიორგი კაპანაძე.
კოალიცია "ცვლილებებისთვის" წვერი, გიორგი ბუტიკაშვილი ამბობს, რომ როდესაც დასავლელი პარტნიორები პოლიტპატიმრებზე საუბრობენ, იგულისხმება მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც ასევე პოლიტპატიმარია.
"ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ძალიან კრიტიკულად არიან განწყობილი "ქართული ოცნების" მიმართ და ეს დებატებშიც გამოვლინდა - არაღიარების პოლიტიკა, სანქციები... პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ - ამას ამბობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყოველდღიურ რეჟიმში და ყოველთვის ამას იტყვიან. სააკაშვილი შეფასებულია, როგორც პოლიტიკური პატიმარი. შესაბამისად, ნებისმიერ დროს, რაც არ უნდა იყოს ქვეყანაში, ისინი ამას გააჟღერებენ. პარტნიორები ქართველი ხალხის გვერდით დგანან და იცავენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს," - აცხადებს გიორგი ბუტიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა. სიტყვით ისარგებლა 27-მა ევროდეპუტატმა, რომელთაც ისაუბრეს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, აქციებზე, არჩევნებზე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა" და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონებზე. ევროდეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ ქვეყანა ევროპულ კურსს შორდება, ნაწილი კი ამ მოსაზრებას დარბაზშივე არ დაეთანხმა.