შვეიცარიულ ბანკ "ჯულიუს ბაერის" ქმედებები, რომლის წინააღმდეგაც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები სარჩელს ამზადებენ, თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. "ქართული ოცნებისთვის" ადვოკატების მიერ დასახელებული გარემოებები არის დასტური, რომ ე.წ. დიფ სთეითს აქვს პირდაპირი გავლენა შვეიცარიული ბანკების საქმიანობაზე. აქცენტი კეთდება გიორგი ბაჩიაშვილის ანგარიშებზეც, რომელიც ქართული საგამოძიებო უწყებების ინტერესის საგანია, თუმცა შვეიცარიული ფინანსური ინსტიტუტი ინფორმაციას არ აწვდის.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ "ჯულიუს ბაერის" საქმე არის განსაკუთრებული, რადგან 20 აპრილამდე, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი ღიად არ დაუპირისპირდებოდა ე.წ. დიფ სთეითს და არ ამხელდა მას ხალხის წინაშე, არ შეინიშნებოდა რაიმე სახის შეფერხება ბანკსა და კლიენტს შორის ურთიერთობებში.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს არის ნათელი მაგალითი იმის, რომ უკვე მეორე შვეიცარიული ბანკის რეპუტაციას ანგრევს ე.წ. დიფ სთეითი და გავლენის ძალები, რომლებიც საზღვარგარეთ არსებობენ. რეალურად კი ისინი ცდილობენ ამ პროცესის, მათ შორის გიორგი ბაჩიაშვილის პროცესში ჩართვით, ბიძინა ივანიშვილზე პოლიტიკური შანტაჟის იარაღის გამოყენებას.
"იმიტომ არის დღესაც თავდასხმები და ამ შემთხვევაში პრობლემები შვეიცარიის მეორე ბანკში ბიძინა ივანიშვილის მიმართ სწორედ, რომ მან ამხილა "დიფ სთეითი", იგივე გლობალური ომის პარტია და ასევე ხელშესახები და აუცილებლად აღსანიშნავია ის, რომ ერთ შემთხვევაში ხელოვნურად უსამართლოდ ხელს უშლიან კლიენტს, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს თავისი თანხების გადარიცხვასთან დაკავშირებით და მეორე შემთხვევაში - როდესაც სისხლის სამართლის საქმე ორზეა აღძრული, თუ არ ვცდები, ერთზე ბრალდებულია, და მეორეზე მიდის გამოძიება, ამ შემთხვევაში ბაჩიაშვილის მიმართ პირიქით მიდის ხელის დაფარების პოლიტიკა. ანუ უკვე აღარ ერიდება გლობალური ომის პარტია, იგივე "დიფ სთეითი" ასეთ ღია დაპირისპირებას მშვიდობის მიმართ", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.