თბილისში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კეთილსინდისიერებას ოპოზიცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ოფიციალური ვიზიტის მესამე დღეს, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებების გამო, ალან ბერსე ოპოზიციური ძალების კრიტიკის მთავარი ობიექტი გახდა. 4-მა ბარიერ გადალახულმა პარტიამ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს მიმართა და ალენ ბერსეს კეთილსინდისიერებისა და ევროპის საბჭოს პრინციპებთან შესაბამისობის საკითხი შესწავლა მოითხოვეს. ოპოზიციისთვის, მიუღებელი და უადგილოა ნებისმიერი ფორმით საუბარი გამჭვირვალობის კანონში რაიმე სახის ცვლილებების შეტანასთან ან ამ მიზნით რაიმე სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით.
ერთობლივ განცხადებამდე პარტიებმა ინდივიდუალური პოზიცია სოციალურ ქსელში გამოხატეს. ნიკა გვარამიას თქმით, ,"შარლ მიშელი 2 არ იქნება", ელენე ხოშტარიამ ალან ბერსეს ვიზიტიც, ფორმატიც და შინაარსიც დაუწუნა და ისიც თქვა, რომ ბერსეს დიპლომატიურ მოღვაწეობაში დღევანდელი დღე კომიკურ ეპიზოდად დარჩება. ნიკა მელიას მიაჩნია, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებები რეალობასაა მოწყვეტილი და მსჯელობის ერთადერთი საკითხი ახალი არჩევნები უნდა იყოს. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერებმა ბერსეს ბოიკოტიც კი გამოუცხადეს და მასთან შეხვედრაზე უარი ჯერ კიდევ გუშინ თქვეს.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტის ეჭვქვეშ დაყენება ოპოზიციამ, დღეს, არაერთი მიზეზით სცადა. ”დაჯექი, ორიანი” ასე შეაფასა თინა ბოკუჩავამ ევროპელი პოლიტიკოსის გზავნილები. ალან ბერსეს სტუმრობას მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა და თქვა, რომ "ევროსაბჭოს გენერალურ მდივნებს ახასიათებთ დიქტატორებზე მიყიდვა - ერთ-ერთმა მათგანმა პოდმოსკოვიეში უფასოდ მიიღო მიწის ნაკვეთი". ალან ბერსესგან კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტულ პასუხებს ელოდებიან "ნაციონალური მოძრაობის" ამჟამინდელი პოლიტიკური პარტნიორებიც.
ოპოზიციის კრიტიკას მმართველ გუნდისთვის ერთადერთი ახსნა აქვს - ”ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, ტომ ბარიერგადალახული პარტიები ხელისუფლების ლეგიტიმაციის დადასტურებამ და პოზიტიურმა შეფასებებმა გააღიზიანა.
ევროსაბჭოს გენერალური მდივანს გაუგებრობაში მყოფს უწოდებს სალომე ზურაბიშვილი. ალან ბერსე მას დღეს შეხვდა. ზურაბიშვილის თქმით, მას დარჩა განცდა, რომ დელეგაციის ხელმძღვანელს წევრებთან ერთად არ ესმით ის ვითარება, რომელიც საქართველოშია. მოქმედი პრეზიდენტი ევროპელ პოლიტიკოსებს მათ მანდატს ახსენებს.
თავდასხმა ევროპის მაღალი რანგის წარმომადგენლებზე ასეთია პრემიერ-მინისტრის შეფასება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის განცხადება, რომელიც მათ დღის წესრიგს აცდენილია.
ალენ ბერსე ევროსაბჭოს გენერალური მდივნის პოზიციას ზაფხულიდან იკავებს, მისი პოლიტიკური ბიოგრაფიის მიხედვით, ის 2012 წლიდან 2023 წლამდე ორჯერ იყო შვეიცარიის პრეზიდენტი.